კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, მწერლობის, კინოსა და თეატრის მიმართულებით რეფორმები გაგრძელდება.
როგორც მინისტრმა პარლამენტში, "მინისტრის საათის ფორმატში" სიტყვით გამოსვლისას განმარტა, მას იმედი აქვს, რომ ხელოვანები, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ პარტნიორობის რეჟიმში გადავლენ.
"როცა ვამბობ ნოდარ დუმბაძე, არ შემიძლია არ აღვშფოთდე იმ საშინელებებით, რაც ამ ჩვენ საყვარელ, მზიან ადამიანს რამდენიმე კვირის წინ თავს დაატეხეს იმ ქალებმა და კაცებმა, რომლებმაც წეღან მცდელობა განახორციელეს, რომ ეს ტრიბუნა შტურმით აეღოთ. მას აკადრეს უკადრებელი, იმიტომ, რომ ვერაფერი დააკლეს მის შემოქმედებას და გაბრაზდნენ რომ მისი შვილი, თქვენი ყოფილი კოლეგა, ჩვენთვის პატივსაცემი და საყვარელი ქალბატონი ქეთევან დუმბაძე დაინიშნა მწერალთა სახლის ხელმძღვანელად.
ეს არის მიუღებელი და მე ყველას მინდა დავპირდე, რომ ჩვენ სისტემაში რეფორმები გაგრძელდება, როგორც მწერლობის, ასევე კინოს, ასევე თეატრის მიმართულებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ხელოვანები, რომლებიც ბოიკოტს აცხადებენ, ის ხელოვანები, რომლებიც ილანძღებიან, რომლებიც ცდილობენ გახდნენ პოლიტიკური თამაშის ნაწილნი, ან არ ცდილობენ და არც კი იციან, მაგრამ სხვების მიერ არიან გამოყენებულნი პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად, იმედი მაქვს, ისინი მაინც გადმოვლენ პარტნიორობის რეჟიმში, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ყველას ხელშეწყობის სურვილი. ეს მათი არჩევანია. როცა არჩევანს გააკეთებენ, მაშინ კეთილი უნდა ინებონ და ამ არჩევანს უერთგულონ", - თქვა თეა წულუკიანმა.