გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, გოკა გაბაშვილი, დავით დარჩიაშვილი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან ის ხალხი, ვინც სტრასბურგში 2008 წლის შემოდგომაზე მწვანე ღილაკს დააჭირა ხელი, კი, საქართველომ დაიწყო ომიო. უფრო მეტიც, იმ რეზოლუციაში წერია, რომ ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაული, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„აგვისტოს ომთან დაკავშირებით, როდესაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ვაწარმოებდით დავას – დავა ნიშნავს წმინდა სამართლებრივ პროცესს – და ძალიან ბევრი პოლიტიკოსისთვის გაჭირდა იმის ახსნა, რომ ვიდრე სამართლებრივი პროცესი მიმდინარეობს ჰააგასა და სტრასბურგში, ყველას თავი შეეკავებინა ველის დაბინძურებისგან, რასაც იურისტები ვეძახით, რადგან იურისტი არის ჯარისკაცივით. იურისტი როდესაც მიდის და იცავს პროცესს სასამართლოში, მას ზურგში არავინ არ უნდა შეუქმნას პრობლემა, რადგან შემდეგ შენ სუსტდები. ეს დავა როდესაც მიმდინარეობდა, მაგალითად, სტრასბურგში, რა თქმა უნდა, ჩვენ რუსეთი პრეტენზიად გვიყენებდა და გვასუსტებდა. ეს ხომ არგუმენტების ომია სამართლებრივ დავაში, ფიზიკურად და იარაღით არავინ ერთმანეთს არ ებრძვის, ეს არის არგუმენტების ომი, მოსამართლე გაკვირდება და ვისი არგუმენტიც გადაძალავს, ის არის მართალი. მთელი დავა ეს არის. ძალიან მარტივია. ვინც აჯობებს არგუმენტებით და მტკიცებულებებით, ის რჩება გამარჯვებული. რუსეთი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის რეზოლუციას ჩვენ გვიყენებდა პრეტენზიად და გვეუბნებოდა, თქვენ თვითონვე, ანუ ქართველებმა დააბრალეთ ქართულ ჯარს ომის დანაშაულის ჩადენა და ახლა რომ მოდიხართ და ამტკიცებთ, რომ ეს ასე არ არის, სულ მცირე, სასაცილოაო. რატომ? იმიტომ, რომ სახელმწიფოს ვინ მართავს, სასამართლო დავისას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სახელმწიფო არის სახელმწიფო და 2008 წელს სახელმწიფოს წარმომადგენლებს, დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობიდან“ და მაშინდელი ვითომ ოპოზიციიდან, ბატონ გიორგი თარგამაძეს, „ქრისტიან დემოკრატს“, რომელიც ახლა დიდ ჟურნალისტად გვევლინება, ხელი ჰქონდათ მოწერილი, ანუ კენჭისყრაში დადებითად მწვანე ღილაკზე ხელი დაჭერილი რეზოლუციაზე 16/33. ეს ხდება 2008 წლის შემოდგომაზე, სადაც ისინი მხარს უჭერენ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ ომი დაიწყო საქართველომ. გიორგი კანდელაკი, გიორგი თარგამაძე, ე.წ გოკა, გაბაშვილი, ასევე ბატონი დარჩიაშვილი დავითი და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან ის ხალხი, ვინც 2008 წლის შემოდგომაზე მწვანე ღილაკს დააჭირა სტრასბურგში, იქაურ პარლამენტში ხელი, რომელ საპარლამენტო ორგანოსაც ასამბლეა ჰქვია, კი, საქართველომ დაიწყო ომიო. უფრო მეტიც, იქ წერია, ქართველმა სამხედროებმა ჩაიდინეს ომის დანაშაულიო და ამაზეც მწვანე ღილაკს დააჭირეს ხელი იმ გვარებმა და სახელებმა, ვინც მე ჩამოვთვალე. როდესმე ეს მათმა ტელევიზიებმა იმ დროს გააშუქეს? რა თქმა უნდა, არა, და ვერც გააშუქებდნენ, რადგან ისინი „მოდელირებული ქრონიკებით“ იყვნენ დაკავებული და ხალხს უმღეროდნენ ზღაპრებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიამ ზოგიერთი ამ პირის დაბარება უკვე დაიწყო.
„მე მინდა, ვისარგებლო თქვენი ეთერით და ვკითხო ბატონ გიორგი კანდელაკს, რატომ იმალება? ვკითხო ბატონ გიორგი თარგამაძეს, რატომ იმალება და რატომ იგდებს თავს სასაცილო მდგომარეობაში? იმიტომ, რომ სახლშიც ქალების კალთას ეფარება, სახლში არ არისო და სამსახურში როდესაც მივიდა საქართველოს ფოსტის წარმომადგენელი, გადაცემის, ე.წ საპროდიუსეროს კარი ჩარაზა. მართლები თუ არიან, არ დაუბრალებიათ საქართველოსთვის ომის დაწყება და ახალგაზრდები თუ გვისმენენ, ჩვენზე მაგრები არიან ინტერნეტით მანიპულირებაში და ასამბლეის ვებგვერდზე დღესაც არის გამოფენილი ამათი „კარგი საქმეები“. იქ არის კენჭისყრის შედეგები, დღესაც საჯარო, სადაც წერია გვარები და სახელები, ვინ მისცა ხმა. მოვიდნენ და აგვიხსნან, რატომ მისცეს ამას ხმა, რატომ დაადანაშაულეს ქართული ჯარი? ამ მტკიცებულებას შემდეგ ჩვენ წინააღმდეგ იყენებდნენ და ძლივს მოახერხა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. ამას წინათ ერთ-ერთმა დეპუტატმა იკითხა, კი მაგრამ, ახლაც მიკვირს, ეს როგორ შევძელითო. იყო განადგურებული მტკიცებულებები და ის მტკიცებულებები, რაც დაგვიტოვეს, საწინააღმდეგო ქართული საქმის. შესაბამისად, ეს იყო პრობლემური“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.