"თქვენ ვიღაცამ გარედან გადაგაფიქრებინათ მელია არ დააკავოთო და გაგიყვანათ ოპოზიციაში - ესაა მომხდარი. თქვენ გაგიყვანეს ოპოზიციაში, ნუ გრცხვენიათ, აღიარეთ ეს," - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა შს ყოფილ მინისტრს და პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას, საგამოძიებო კომისიის სხდომაზე.

თეა წულუკიანი დაინტერესდა, ვიდრე გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრობის პოსტს დატოვებდა, მის გადაწყვეტილებაზე ზეგავლენა რომელიმე უცხოელმა დიპლომატმა ხომ არ იქონია.

"რეალური კითხვა არის ეს - ხომ არ შეხვდით რომელიღაც უცხოელს, დიპლომატს, რომელმაც გუნდის და საკუთარი პოზიციის წინააღმდეგ წასვლის გადაწყვეტილება მიგაღებინათ, მაგალითად, ისეთ უცხოელებს, რომლებმაც შემდგომ მელიას გირაოს ფული შეუგროვეს და გადაუხადეს.

პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის მხრიდან დავალება გქონდათ მიღებული, თქვენივე მოთხოვნის საფუძველზე მოუხსენით [ნიკა მელიას] იმუნიტეტიო, მოუხსნეს დეპუტატებმა იმუნიტეტი, მათ შორის მეც და თქვენ მერე აღარ აღასრულეთ ეს გადაწყვეტილება. მე მანამდე სხვა დეპუტატების მსგავსად ვსვამდი კითხვებს, მაგრამ მერე მეც და ყველამ მოვუხსენით იმუნიტეტი. იმუნიტეტი მოვუხსენით და თქვენ არ აღასრულეთ.

თქვენ თუ მიიჩნევთ, რომ ისეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოთ თავი, რომ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს დააბრალეთ, რომ თქვენ ვიღაცამ გარედან გადაგაფიქრებინათ, მელია არ დააკავოთო და გაგიყვანათ ოპოზიციაში - ესაა მომხდარი. თქვენ გაგიყვანეს ოპოზიციაში, ნუ გრცხვენიათ, აღიარეთ ეს," - მიმართა თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას.