სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა საქართველოში ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თომას მიულმანთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის, ასევე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესის მიმართ ავსტრიის მხარდაჭერის მნიშვნელობას.
მხარეებმა კიდევ ერთხელ მიმოიხილეს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების მიმდინარეობა, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები, რაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებასა და ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის გაღრმავებას ისახავს მიზნად.
სახელმწიფო მინისტრმა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერისთვის და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ინფორმაციას სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.