საქართველოს მთავრობის განკარგულების თანახმად, 2026 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება. 

ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ყოველწლიურად, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარალელურად, საქართველოს პარლამენტს თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცებასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულება წარედგინება. მინისტრის მოადგილის განცხადებით, ისევე როგორც წელს, 2026 წლისთვისაც თავდაცვის ძალების რაოდენობა უცვლელად, არაუმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა.

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე ტაბატაძემ კოლეგებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი გააცნო. მომხსენებლის განცხადებით, კოდექსში შესატანი ცვლილებების თანახმად, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაციის მიმღებ პირთა წრეს თავდაცვის სამინისტრო დაემატება. შესაბამისად, სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის განსახორციელებლად, სამინისტროს უფლებამოსილება მიენიჭება გამოითხოვოს როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საიდუმლოება.

თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრებმა  განხილული საკითხების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.