შეიძლება არაადეკვატურად ჩათვალოთ ეს პარალელი, მაგრამ ნელსონ მანდელაც კი ციხეში იჯდა და შემდეგ დაბრუნდა პოლიტიკაში, - ამის შესახებ პარლამენტის უფრაქციო წევრმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.
„თავისთავად ადამიანის ციხეში ჯდომა არ შეიძლება იყოს დაღი. ეს არის სტერეოტიპების გაღვივება. არჩევნები ნიშნავს იმას, რომ თუ ციხეში მყოფ ადამიანს ამომრჩეველი გამოუცხადებს ნდობას, მას აქვს უფლება, იყოს მმართველობაში. რამდენად მისცემენ ასეთ ადამიანებს მოქალაქეები ხმას, ეს სხვა საკითხია. მე არ ვთვლი, რომ ნიკა გვარამია არის კრიმინალი. განვიხილავ თანამშრომლობას ყველა იმ ძალასთან, რომელიც იბრძოლებს ხელისუფლების ცვლილებისთვის“, - აღნიშნა კორძაიამ.
ნიკა გვარამია, ნიკა მელია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე - ამ ოპოზიციონერებს „ქართული ოცნება“ კრიმინალებს უწოდებს და განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, მათ ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ უნდა იყოს. რაც შეეხება ოპოზიციას, მათი თქმით, პოლიტიკური პარტიების მომავალს ამომრჩეველი გადაწყვეტს.