ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„რეჟიმთან თანამშრომლობის შეუმდგარი მაგალითი თქვენ მიეცით ბატონო მესამე პრეზიდენტო.

თქვენ სთხოვდით პუტინისტურ რეჟიმს პარტიის აქტიურობის გაჩერების სანაცვლოდ ციხიდან გაშვებას“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

დღეს ნიკა მაჭუტაძემ, ნატო და როსტომ ჩხეიძეებმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ დატოვეს. ჩხეიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე მაჭუტაძემ ამის მიზეზად დაასახელა ის „გაუგებრობა“, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის ხმის მიცემის დროს მოხდა.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საერთო ჯამში 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.