უბედურებაა, მტერს პირდაპირ გააგონო და უთხრა, რომ „არაფერი არ შემიძლია, დასაჭურისებული, გასაცოდავებული, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, მოდი“ - შემზარავია ამის მოსმენა პოლიტიკოსისგან, არ შეიძლება, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრს, ბექა დავითულიანს რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა“.
თაკო ჩარკვიანის თქმით, პოლიტიკოსს სწორი განცხადების გაკეთება უნდა შეეძლოს და საქვეყნოდ არ გამოაცხადოს, რომ საშველი არსაიდან არის.
„ბექა, თქვენ მოგმართავთ. ყოველგვარი ჩასაფრების გარეშე, ძალიან უხერხული განცხადება იყო. ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენ ოკუპირებულები ვართ. მე არ მსმენია ისტორიულად ამ ტიპის განცხადება, რომ მტერს პირდაპირ გააგონო და უთხრა, რომ „არაფერი არ შემიძლია, დასაჭურისებული ვარ, გასაცოდავებული ვარ, გაუბედურებული ვარ, არავინ არ ვარ, ბითური ვარ, მოდი“. ხუმრობა რომ არის ხომ იცით, „მრეკეთ თავში, ქალბატონო მარგარიტა“. შემზარავია ამის მოსმენა პოლიტიკოსისგან, არ შეიძლება. ასე რომ ფიქრობდეთ, ამის ამოთქმა არ შეიძლება, უხერხულია. არსებობს დიპლომატიური საფარი. მე არ უნდა გასწავლიდეთ ამას. მაშინ ჩაიხედეთ და წაიკითხეთ მეტი. შეფუთვა არსებობს სწორი საუბრისა, რომ პოლიტიკოსმა სწორი განცხადება გააკეთოს და საქვეყნოდ არ გამოაცხადოთ, რომ საჭურისია ქვეყანა, გასაუპატიურებლად არის მზად და საშველი არსაიდან არ არის. უბედურებაა ამ განცხადების გაკეთება“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. მილიციის მიერ ცემით მოკლული საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხად თქვა, რომ ოკუპაცია სამწუხარო რეალობაა და დღეს საქართველოს არ აქვს ძალისმიერი მეთოდებით ტერიტორიების დაბრუნების ძალა.