სოციალური ქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მუშაობის დაწყება საჭიროა, რათა დაცული იყოს ადამიანის ღირსება და დასჯადი იყოს შეურაცხყოფა.

„დღეს, ტელევიზიაზე, რადიოზე გაცილებით მეტი გავლენა შეიძლება მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ. სოც-ქსელები დღეს ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და ძალიან კარგი იქნება, ამ სფეროში რეგულირებაზეც დავიწყოთ მუშაობა, რომ ადამიანის ღირსება, პირადი ცხვორება იყოს დაცული, რომ ის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

შეგახსენებთ: „ქართული ოცნება“ „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას გეგმავს, რომლის მიხედვითაც დადგინდება მედიის ობიექტურობა და ჟურნალისტური სტანდარტები.