„დაგვისაბუთონ რა არ მოსწონთ, რა არის ამ კანონში არაევროპული - ამაზე ვერავინ გვპასუხობს“, - ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა მედიასთან საუბარში განაცხადა.
სუბარი გამოეხმაურა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამე მოსმენით მიღების საკითხს და აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუკი, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კანონს ვეტოს მოტივირებული შენიშვნების წარდგენის გარეშე დაადებს, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება.
„ყველას ვეუბნებით, დაგვისაბუთეთ რა არ მოგწონთ, რა არის ამ კანონში არაევროპული - რა არის ასეთი ჩვენს კანონში, რასაც თქვენ არ აკეთებთ?! - ამაზე ვერავინ გვპასუხობს. პრემიერმა მკაფიოდ თქვა, რომ ამ კანონის მიღების შემდეგ, პრეზიდენტს შეუძლია მას ვეტო დაადოს, სადაც მის წინადადებებს ჩაწერს იმისათვის, რომ ეს ვეტოში აისახოს და ამ ვეტოს ჩვენ განვიხილავთ და გავითვალისწინებთ იმ ფარგლებში, რაც ქვეყნისთვის მისაღებია.
სამაგიეროდ რა მივიღეთ?! - სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ ვეტოს კი დაადებს, მაგრამ ეს ვეტო დასაბუთებული არ იქნება, რადგან არაფერი აქვს დასასაბუთებელი. ეს არის კიდევ ერთხელ საქართველოს კონსტიტუციის აბუჩად აგდება. თუ არ იქნება მოტივირებული შენიშვნები, ეს არ იქნება ვეტო - ეს იქნება უბრალოდ საქართველოს კონსტიტუციის შეურაცხყოფა. თუ სალომე ზურაბიშვილი ამას კიდევ ერთხელ აკადრებს კონსტიტუციას, ეს კონსტიტუციის დარღვევა იქნება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, 84 მომხრე - 30 წინაღმდეგი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. რომელიც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ხელმოსაწერად გადაეგზავნება. თუმცა, პრეზიდენტმა უკვე განაცხადა, რომ კანონს ვეტოს დაადებს.