ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულმა განცხადებამ მკაფიოდ წარმოაჩინა ის გადაულახავი უფსკრული, რომელიც ყოფს და ერთმანეთისგან მიჯნავს, ერთი მხრივ, აგენტოკრატიას, რომელიც „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სახით არის წარმოდგენილი და, მეორე მხრივ, ქართულ საზოგადოებას, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.
სუბარის თქმით, დღეს ჩვენი ქვეყნის უმთავრესი მიზანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე ქართული სახელმწიფოს არსებობა მუდამ საფრთხის ქვეშ იქნება.
„ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა მშვიდობაა, რადგან, ჯერ ერთი, ომი რა შედეგსაც იწვევს, კარგად ვიცით და არაერთხელ გვინახავს და მეორე და მთავარი: ჩვენი მიზანია თანხმობით ვიცხოვროთ ერთიან სახელმწიფოში ჩვენსავე თანამოქალაქეებთან, აფხაზებსა და ოსებთან ერთად, ეს კი, შერიგებისა და ურთიერთნდობის აღდგენის გარეშე შეუძლებელია.
ისინი თავად უნდა დარწმუნდნენ, რომ სწორედ საქართველოში ცხოვრება არის მათი კეთილდღეობისა და განვითარების, მათი თვითმყოფადობის შენარჩუნების და უსაფრთხოების გარანტი. ამის გარეშე ქვეყნის გაერთიანებაზე ფიქრი ილუზიად დარჩება. ეს კი, ბუნებრივია, ძალიან რთული, თუმცა, სავსებით შესრულებადი ამოცანაა.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა არის თანხმობის პოლიტიკა. ამ მიმართულებით პირველი, ძალიან გაბედული განაცხადი უკვე გაკეთდა და ეს განაცხადი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. თანხმობა გულისხმობს ქართველებს, ოსებსა და აფხაზებს შორის არსებული მტრის ხატის გაქრობას და იმ განცდის დამკვიდრებას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, რომ სწორედ საქართველოს სახელმწიფოა მათი უპირველესი ქომაგი და ინტერესების დამცველი.
ბუნებრივია, აქ მიმართულებით პირველი ნაბიჯი სწორედ ქართულმა სახელმწიფომ უნდა გადადგას, რადგან სწორედ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სწორედ ეს თქვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა – ქართულმა სახელმწიფომ თავის თავში უნდა იპოვოს ძალა და ბოდიში მოუხადოს საკუთარ მოქალაქეებს, რომლებიც დაზარალდნენ ომის შედეგად.
სწორედ ეს არის პირველი და აუცილებელი ნაბიჯი, რადგან ნდობის აღდგენისკენ და შერიგებისკენ გზა გადის საკუთარი შეცდომების დანახვასა და აღიარებაზე და ამ შეცდომების გამო ბოდიშის მოხდაზე. სწორედ ეს არის ცივილიზებული მიდგომა და სწორედ ამას გვასწავლის „ვეფხვისა და მოყმის“ უკვდავი ბალადა. ნებისმიერი ოცნება ქვეყნის გამთლიანებაზე არის ამაო, თუ ადამიანებს შორის ნდობა ვერ აღდგება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მისივე განცხადებით, ვინც ამ გზაზე უარს ამბობს, მას არ უნდა მშვიდობა, მშვიდობის ალტერნატივა კი არის ომი, განადგურება, ათასობით და ათეულათასობით უდანაშაულო ადამიანის სიკვდილი და სახელმწიფოებრიობის სრული გაქრობა.
„ეს არის ის „ცხელი ბომბების“ წვიმა, რასაც კოლექტიური ლომჯარიები ნატრობენ ჩვენი სამშობლოსთვის. ამ უსამშობლოებისთვის ერთადერთი ღირებულება, ერთადერთი არჩევანი მათი უფროსების ბრძანებაა. ამიტომ გაჰყვიროდნენ ხმამაღლა კოლექტიური გიგაურები, როცა უკრაინის ომი დაიწყო, რომ საქართველოსთვის „შესაძლებობების ფანჯარა გაიხსნა“ და, ეს ფანჯარა, არც მეტი, არც ნაკლები, ცხინვალისა და სოხუმის მიმართულებით ტანკების დაძვრას გულისხმობდა. ამას ითხოვდნენ, რადგან მათ პატრონებს სწორედ ეს სურდათ – მეორე ფრონტის გახსნა რუსეთისთვის, რათა მას უკრაინის ფრონტზე ძალების კონცენტრირება გასჭირვებოდა.
დღეს უკრაინაში ყოველდღიურად იღუპება ასეულობით და ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე, ნადგურდება ქალაქები და სოფლები, უკრაინის მოკავშირეები კი პირდაპირ აცხადებენ, რომ მათი უმთავრესი ამოცანაა, უკრაინისადმი გაწეული დახმარება არ გასცდეს იმ ფარგლბს, რაც მათ ომში ჩართვას გამოიწვევს.
მეტიც, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბატონმა სიკორსკიმ პრანკერებთან საუბარში ისიც კი თქვა, რომ უკრაინას მომავალი არა აქვს – არა მხოლოდ როგორც სახელმწიფოს, არამედ ომის შედეგად, მშვიდობის დამყარების შემდეგ, თვით უკრაინის ტერიტორიაც კი საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდებაო.
და ბოლოს – ომს ჰყავს თავისი დამნაშავეები და მათ პასუხი უნდა აგონ როგორც სამართლიანი სასამართლოს, ისე ისტორიის სამსჯავროს წინაშე, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც დამნაშავეებად აცხადებენ მთელ ეთნოსებს – ოსებს, აფხაზებსა თუ ნებისმიერი ერისა და ეთნოსის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივი ფაშისტები და მოღალატეები არიან და მათ ხალხი 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.