კრემლის სურვილები თუ ვინმემ შეასრულა, შეასრულა იმ ძალამ, რომელმაც ხელ-ფეხი გაუხსნა რუსეთს, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოეხდინა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„აღარაფერს ვლაპარაკობ იმ უდიდეს დანაშაულზე, რასაც ჰქვია ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიერ გაუქმებული სამხრეთ -ოსეთის ავტონომიური ოლქის დე ფაქტო აღდგენა; ახალგორის მუნიციპალიტეტის გამოყოფა მცხეთა-მთიანეთის სამხარეოდან და მიერთება ცხინვალის აღდგენილი ავტონომიური ოლქისადმი, იქ არჩევნების ჩატარება და ამით ლეგიტიმაციის მიცემა ამ ტერიტორიების ოკუპაციისა; კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევა და იქ იმ შეიარაღების და იმ რაოდენობის ჯარის შეყვანა, რომელზეც ხელი გვქონდა მოწერილი, რომ ამას არ ვიზამდით. მერე ერთი ტყვია არ უსვრიათ, ხეობა არ დაუცვიათ და მოსახლეობა დატოვეს ისე რომ, არათუ არ გამოიყვანეს, არც კი გაუფრთხილებიათ და ამან გამოიწვია ძალიან დიდი მსხვერპლი საქართველოს სამოქალაქო მოსახლეობაში. ამას ჰქვია სამშობლოს ღალატი და ეს იყო აბსოლუტურად შეგნებული ნაბიჯები. 2007 წლის დეკემბერში, სააკაშვილს მოსახლეობასთან ჰქონდა შეხვედრა ბორჯომში, არჩევნების პერიოდი იყო, იქ თქვა რომ 2 თვეა დარჩენილი, სანამ მე ოკუპირებულ ტერიტორიებს დავაბრუნებო, ამისთვის ჩვენი ჯარი მზად არისო. ეს იყო პირდაპირ მწვანეს ანთება რუსეთისთვის, რომ მე ომს ვაპირებ და შემოიჭერიო. იყო თუ არა ეს შეგნებული ღალატი, ამას რა თქმა უნდა სჭირდება ჯერ საპარლამენტო გამოძიება და შემდგომ შესაბამისი მტკიცებულებების საგამოძიებო ორგანოებში გადაგზავნა. ის ცნება, რასაც ჰქვია სამშობლოს ღალატი და რომელიც ევროპული ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს სისხლის სამართლის კოდექსებში, ომამდე ერთი თვით ადრე გააქრეს კოდექსიდან და უნდა დავაბრუნოთ ჩვენ რადგან სწორედ ამ მუხლებით უნდა გასამართლდნენ ეს ადამიანები, ისევე როგორც უნდა გასამართლდნენ სისტემური წამების დაკანონებისთვის, რაც აქვს სტრასბურგის ასამართლოს აღიარებული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.