სოფლის მეურნეობის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 9 თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

გიორგი კაკაურიძის განმარტებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2025 წლის ცხრა თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან 7.7% შეადგინა. 2025 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 4.8% შეადგინა, ამავე პერიოდისათვის, საშუალო ინფლაცია 3.0%-ის დონეზეა.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2025  წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 18 მილიარდ 545  მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.1%-ით მეტია. მისივე თქმით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს 5 მილიონ 327 ათასამდე საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 5.6%-ით მეტია. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 მილიარდ 638 მილიონ დოლარამდე შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია გასული წლის 9 თვის მაჩვენებელზე.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წმინდა ფულადი გზავნილები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.0%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ 390 მილიონ დოლარამდე შეადგინა.
რაც შეეხება ნაერთ ბიუჯეტს, მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 21 მილიარდ 32 მილიონი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.8%. ხოლო 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი მაჩვენებელი განისაზღვრა 2.5%-ის ფარგლებში.

გიორგი კაკაურიძემ კონკრეტული სამინისტროების მიერ ბიუჯეტის 9 თვის შესრულების მაჩვენებლებზე ისაუბრა.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 475 მილიონ ლარამდე აითვისა, რაც ბიუჯეტის დაახლოებით 67%-ს შეადგენს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ  579 მილიონი ლარია ათვისებული და ათვისების მაჩვენებელი 93%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა დადებითად შეაფასა.

„თუ ნომინალურ ზრდას გავითვალისწინებთ, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა გაორმაგდა. რეალური ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 9.4% იყო, რაც მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ჩვენ კარგად ვხედავთ როგორც მიღწევებს, ისე გამოწვევებს. მიგვაჩნია, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმით ინფლაციის მაჩვენებელი ნორმის ფარგლებში დარჩება“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.