კოვიდპანდემიის დროს საქართველოს 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა ჰქონდა, ჩვენი გათვლებით, 18%-მდე შეიძლება, ყოფილიყო ეკონომიკური ვარდნა, თუკი მართლა თავქარიან მოთხოვნებს ავყვებოდით და სანქციების დაწესებაზე არ ვიტყოდით უარს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სინამდვილეში იმის მიზეზი, რატომაც ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში შედიოდა, ყო სწორედ სანქციებზე უარის გამოცხადება.
„თავად ევროპარლამენტის რეზოლუციამ მოგვცა ამაზე საუბრის შესაძლებლობა და გახდა საჯარო, რა იყო სინამდვილეში მთავარი მიზეზი თუ საბაბი იმის, რომ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოს ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში შედიოდა. ეს იყო საბაბი და მიზეზი, რომ სანქციებზე განვაცხადეთ უარი. ამას საჯაროდ არ ამბობდნენ, კაბინეტებში იყო შეხვედრები, სადაც მოითხოვდნენ სანქციების დაწესებას, გადიოდნენ გარეთ და კომენტარებში ამაზე სიტყვას არ ძრავდნენ, რადგან კარგად იცოდნენ, რომ საქართველოს განადგურების ნაბიჯს ასე ადვილად ქართველ ხალხს ვერ მიყიდდნენ. ყველამ კარგად იცის, სანქციები რომ დაგვეწესებინა, რა მოხდებოდა ამ ქვეყანაში, ჩავვარდებოდით ეკონომიკურ კოლაფსში, რომელსაც ექნებოდა სამმაგი ეფექტი, ვიდრე კოვიდპანდემიის დროს იყო, 6%-იანი ეკონომიკური ვარდნა გვქონდა კოვიდპანდემიის დროს და ამ გათვლებით, რომელიც ჩვენ გვაქვს, 18%-მდე შეიძლება, ყოფილიყო ეკონომიკური ვარდნა იმ შემთხვევაში თუკი ჩვენ ამ მართლა თავქარიან მოთხოვნებს ავყვებოდით. ეს იყო მათ შორის მიზეზი იმისა, რომ გარკვეული გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ ნეგატიურ ჭრილში იყო ხოლმე მიღებული. ამ მხრივ თუ შევხედავთ, ხელისუფლებისთვის შეიძლება, ეს ყველაზე კომფორტული პოზიციაც ყოფილიყო. ამ კომფორტში იქნებოდა ზუსტად ოპოზიცია, რომ ოღონდ მათთვის წითელი ხალიჩები დაეგოთ, ოღონდ მათთვის ტაში დაეკრათ და მილოცვები მიეღოთ, მზად იყვნენ და ეჭვი ხომ არავის ეპარება, 2022 წლის 24 ოქტომბერს სახელისუფლებო კაბინეტებში რომ მჯდარიყო ის ოპოზიცია და ის „ენჯეოები“, რომლებიც დღეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ქმნიან, არავის ეჭვი ხომ არ ეპარება, პირველივე საათებში დათანხმდებოდნენ მოთხოვნების შესრულებას, დააწესებდნენ სანქციებს, შემოიღებდნენ სავიზო რეჟიმს, ჩაკეტავდნენ საზღვრებს, ცას და რას მივიღებდით, ზეპირად ვიცით ქართველმა ხალხმა ჩვენი ისტორიით; მივიღებდით კოლაფსს და დიდი ალბათობით, მივიღებდით ომს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ასეთ ვიზუალურ კომფორტზე თქვა უარი, რადგან „წითელ ხალიჩებზე ხალხის ინტერესი არ იცვლება.“
„ასე რომ, ამ ვიზუალურ კომფორტზე თქვა ხელისუფლებამ უარი, ვინაიდან წითელ ხალიჩებზე ჩვენი ხალხის ინტერესი არ იცვლება. ჩვენ სინამდვილეში მართალია, 33 წლის წინ გავხდით თავისუფალი ქვეყანა, მაგრამ სინამდვილეში 2022 წლის თებერვალში შეიგრძნო მთლიანად, თუ რას ნიშნავს იყო დამოუკიდებელი ქვეყანა, რა პასუხისმგებლობასთან არის ეს დაკავშირებული. ჩვენ მაშინ წავედით დინების წინააღმდეგ, რადგან ძალიან დიდი დინება მოედინებოდა ჩვენკენ და გვაიძულებდა, რომ დაგვეწესებინა სანქციები, დავუდექით ამ დინებას, არ ავყევით ამ მოთხოვნებს და ამის შედეგია ზუსტად ის, რომ ჩვენთან ეკონომიკური ვარდნა კი არ არის არის წინსვლა და ომი კი არ არის, არამედ არის მშვიდობა. ამიტომ, არის ეს არჩევანია 26 ოქტომბერს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პლატფორმაა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ისინი სიტყვა-სიტყვით შეასრულებენ, რასაც სხვადასხვა ევროპელი თუ სხვა ბიუროკრატი მოსთხოვს საქართველოს. პაპუაშვილის განცხადებით, საბოლოო ჯამში, ყველა ოპოზიციური პარტია დამოუკიდებლობის გაუქმებას აპირებს.
„„ლელო“ რას გვპირდება, როგორც კი მოვლენ ხელისუფლებაში, ეგრევე დაუწესებენ სანქციებს რუსეთს, ამას გვპირდება და მეორე მხრივ, ამბობენ, პენსიებს გავზრდითო და რანაირად აპირებენ საერთოდ, პენსიებს კი არა, თავბედი ექნებათ საწყევარი ადამიანებს, თუკი ისინი შეიყვანენ დაპირისპირების და ესკალაციის სპირალში, რომელიც მათ საარჩევნო გეგმაში უწერიათ. იმავეს ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა ოპოზიცია, რომელთა თქმითაც, შეუერთდებიან სანქციებს. მათი პლატფორმა სინამდვილეში არის ის, რომ ხელისუფლებაში მოდიან, რათა შეასრულონ უცხოელი ბიუროკრატების მითითებები, ამას ხომ პირდაპირ ამბობენ. მათი თქმით, პრობლემას ხედავენ იმაში, რომ უცხოელმა რაღაცა გვითხრა და საქართველომ არ გააკეთა ისე, როგორც ეს მოთხოვნა იყო და მათი დაპირებაა, რომ მოვლენ და სიტყვა-სიტყვით შეასრულებენ სხვადასხვა ევროპელი თუ სხვა ბიუროკრატი რასაც მოსთხოვს საქართველოს. საბოლოო ჯამში, დამოუკიდებლობის გაუქმებას აპირებენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.