პარტიულ საქმიანობაში ჩართული არ არის, წერტილი. ეკა ბესელია იტყუება, წერტილი, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვახტანგ გომელაურთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას. 

იგი გამოეხმაურა ეკა ბესელიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილმა მამუკა მდინარაძეს მაკონტროლებლად ვახტანგ გომელაური დაუნიშნა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ვახტანგ გომელაური არ არის პარტიული საქმიანობით დაკავებული, თუმცა, მას პარტიის წევრებთან ურთიერთობა აქვს.

„ახლახან ერთ-ერთი ფოტოც იყო ახალი. იმ ფოტოს სიუჟეტს თუ გავიხსენებთ, იქ მგონი სხვანაირი სიუჟეტია, კონტროლთან არ ვიცი რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს. ადამიანური ურთიერთობები არსებობს.

მე, მათ შორის, გახლავართ პოლიტიკური მდივანი პარტიის. პარტიას თავმჯდომარე ჰყავს. ყველა ვჩანვართ, ვინც ვართ პარტიაში, ვინც აქტიურად ვსაქმიანობთ პარტიაში და პარტიული საქმიანობით ვართ დაკავებულები. თუ გინდათ მე მენდეთ და თუ გინდათ ეკა ბესელიას ენდეთ. ეკა ბესელია იტყუება, რაც არაერთხელ გაუკეთებია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ:

ბიძინა ივანიშვილი სუს-ის მოქმედ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს ბოლომდე არ ენდობა და მას მაკონტროლებლად ვახტანგ გომალაური დაუნიშნა - სკანდალური განცხადება ეკა ბესელიამ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა.

როგორც „მართლმსაჯულების სახლის“ დამფუძნებელმა, იურისტმა "ინგა გრიგოლიას დღის ამბებში" განაცხადა, მისი ინფორმაციით, ექს შს მინისტრი, ვახტანგ გომალაური პარტია "ქართულ ოცნებას" მიამაგრეს და სწორედ ამის დემონსტრირება იყო ფოტო, როემლიც პროპაგანტისტულმა გვერდებმა რამდენიმე საათის გაავრცელეს - ფოტოზე გომელაური მდინარაძესთან ერთად ჩანს.

ვიცი, რომ [ვახტანგ გომალაური] პარტია "ქართული ოცნების" პარტიულ სტრუქტურაშია. [რა სტატუსით ზუსტად არ ვიცი], ალბათ იმ სტატუსით, რა სტატუსითაც ადრე სოსო გოგაშვილი [სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი] რომელიც კურირებდა არჩევნების, უსაფრთხოების თემას.

ამავდროულად, მიუხედავად ყველაფრისა, გომალაურის მიმართ ივანიშვილს უფრო მეტი ნდობა ექნება, ვიდრე მდინარაძის მიმართ. ამიტომ უსაფრთხოების სამსახურს ბოლომდე არ გაუშვებს ხელს [ივანიშვილი]. იცით თქვენ, რა ტიპის ინფორმაციებზე მუშაობს, საფრთხეების განეიტრალება არ ვიცი, მაგრამ შიდა მოსმენები და მთელი ეს სისტემა ყველაზე მეტად მათ ხელთაა. 

დარწმუნებული ვარ, რომ [ივანიშვილი გომელაურით აკონტროლებს მდინარაძე-კობახიძეს]. მდინარაძის ნდობა ბიძინა ივანიშვილს არც არასროს ჰქონია, არც იმ გუნდს, რომელიც "ქართულ ოცნებაში" პარტიის გამარჯვებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მოვიდა. ჯგუფებს შორის რაღაცნაირი კონტროლი ბიძინა ივანიშვილის სტილია"- თქვა ბესელიამ.