პრეზიდენტის და მთავრობის საპარლამენტო მდივნები საკუთარი სამსახურებრივი მოწმობით შემოდიან პარლამენტში, მათ აქვთ დამატებითი შესაძლებლობა, საკუთარი მანქანით შემოვიდნენ პარლამენტის ტერიტორიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ მხრივ უფრო კომფორტული გარემოა შექმნილი და საერთოდ მოიხსნა საშვის ვალდებულება.
„ბოლო ბრძანებით, რომელიც უსაფრთხოების წესებს შეეხება, მათ შორის საშვის წესები არის დადგენილი. საერთოდ მოიხსნა საშვის ვალდებულება. პრეზიდენტის, ისევე როგორც მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საკუთარი სამსახურებრივი მოწმობით შემოდიან პარლამენტის შენობაში და არა მხოლოდ შემოდიან, მათ აქვთ დამატებითი შესაძლებლობა, საკუთარი მანქანით შემოვიდნენ პარლამენტის ტერიტორიაზე, ეზოში. ასე რომ, პირიქით, ამ მხრივ უფრო კომფორტული გარემოა შექმნილი როგორც პრეზიდენტის, ასევე მთავრობის საპარლამენტო გუნდისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.