თუ დავუფიქრდებით, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია ამ კანონის, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც მალავენ თავიანთ ფულს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს: „იყო არაერთი საერთაშორისო გამოხმაურება და კრიტიკული პოზიციები. თქვენ სულ ითხოვდით, მოგესმინათ არგუმენტი, რატომ შეიძლება, ვინმეს არ მოსწონდეს ეს კანონი. თუ მიიღეთ არგუმენტი და ევროპარლამენტის რეზოლუციამ რა გამოაჩინა?“
„არგუმენტები ვერ სახელდება. ყველა განცხადებაში ერთადერთი გვესმის, თითქოს რაღაც ღირებულებებს ეწინააღმდეგება. დააკონკრეტონ, რა ღირებულებებზეა საუბარი? როგორ შეიძლება, გამჭვირვალობა ეწინააღმეგებოდეს ევროპულ ღირებულებებს, ეს წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება, კანონი, რომელიც არის ყველაზე რბილი, იმ კანონებთან შედარებით, რომელიც მოქმედებს ამერიკაში, ინგლისში, საფრანგეთში, ევროდირექტივის პროექტთან შედარებითაც კი ყველაზე რბილია, ვინმესთვის კითხვის ნიშნის წარმომქმნელი იყოს? ასეთ მომენტში რჩება აღქმა, რომ სინამდვილეში პრობლემაა არა კანონთან დაკავშირებით და მის ღირებულებებთან შესაბამისობაში, არამედ პრობლემაა, რომ არსებობენ გარკვეული ორგანიზაციები, რომლებსაც არ უნდათ, საჯარო გახდეს მათი ფინანსები. გამჭვირვალობა, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ გამჭვირვალობას ყველაზე მეტად გაურბის ის, ვინც რაღაცას მალავს. აქედან გამომდინარე, ვინც ყველაზე ხმამაღალი კრიტიკოსია, თუ დავუფიქრდებით, მათ უკან აღმოვაჩენთ იმ ფონდებს, რომლებიც თავიანთ ფულს მალავენ საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.