საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან მომხდარ  დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„გერმანიის ელჩისგან მხარდაჭერილი ტიტუშკები, დღეს, უკვე მესამედ, ფაშისტური შეძახილებით, თავს დაესხნენ "ქართული ოცნების" თბილისის შტაბს. 
საარჩევნო კამპანიის დროს, უცხო ქვეყნის ელჩის მხრიდან, ექსტრემისტების მხარდაჭერა და ძალადობის არ დაგმობა, ვენის კონვენციის დარღვევით, არჩევნებში უხეში ჩარევის მაგალითია“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე საპროტესტო აქციის მონაწილეები გამოჩნდნენ, რასაც "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. პოლიცია ადასტურებს, რომ ორივე მხარეს არიან ნაცემები.

ამ დროისთვის, ვითარება განმუხტულია, მელიქიშვილის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.