როგორ ომშიც არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყანა, როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს, არავინ დგას საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, პრიორიტეტი არის ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი, – ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას  საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცახდებასთან დაკავშირებით.

„ეს განცხადება მოჰყვა ჩვენს ინიციატივას, რომ პარლამენტში შეიქმნებოდა საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლიდა 2003-2012 წლებში ნაციონალური რეჟიმის დანაშაულებს. როგორც გახსოვთ, მაშინ იყო ეს განცხადება. ახლა მიმართეს პროკურატურას, რომ 2012 წლის შემდეგი პერიოდიც შესწავლილიყო უკვე პროკურატურის მხრიდან. როგორც ვნახე, ამაზე რეაგირება არის და გამოძიების დაიწყება. პოლიტიკურად არაერთხელ შეგვიფასებია, რასთან გვქონდა საქმე. დღესაც ვხედავთ, რას აკეთებს ეს ჯგუფი, სრულ კოორდინაციაში არიან სხვადასხვა უცხოურ ძალასთან თუ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან. ისინი იღებენ ინსტრუქციას უცხოეთიდან. მათი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სპეცსამსახურებმა შემოაპარეს საქართველოში და სხვა საკითხია, უკრაინის სამხედრო დაზვერვას ვისთან აქვს კავშირი და ვისგან იღებს ინსტრუქციებს. ჩვენ ვიცით პირდაპირ, დოკუმენტურად, რომ ოპოზიციის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა არჩევნების წინა დღეებში მავნე, მტრული მიზნებისთვის შემოაპარა საქართველოში. ეს და სხვა ფაქტები ამაზე მეტყველებს. რით იყო დაკავებული ოპოზიცია ბოლო ორი-სამი წელი, მას შემდეგ რაც ომი დაიწყო უკრაინაში? პირველივე დღიდან თანამშრომლობდნენ სხვადასხვა უცხო ჯგუფთან, რათა მომხდარიყო საქართველოს სანქცირება და ა.შ. პოლიტიკურად თუ შევხედავთ, დიდი ხანია, ცნობილია, რომ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომლებიც ღალატობენ ჩვენს ქვეყანას. ეს არის ღალატი. წინა საუკუნეებში და 21-ე საუკუნეში სხვა რამე არაა ღალატი. ღალატი არის შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ თანამშრომლობა უცხო ჯგუფებთან, ძალებთან, პირებთან, სახელმწიფოებთან თუ ასე შემდეგ. ამოსავალი წერტილი არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, არავინ დგას საქართველოს ეროვნულ ინტერესზე მაღლა. როგორ ომშიც არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყანა, როგორი მეგობარიც არ უნდა იყოს, არავინ დგას საქართველოს, ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებზე მაღლა, ეს არის აქსიომა. ამის შემდეგ უკვე მიდის საერთო ინტერესების ძებნა სხვა ქვეყნებთან, ალიანსების ჩამოყალიბება, მეგობრობის შეკვრა, სტრატეგიული პარტნიორობა. ეს ყველაფერი მოდის მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენ ვაღიარებთ, რომ პრიორიტეტი არის ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „საბოტაჟის მცდელობის, სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წარმომადგენლების მიერ შემოტანილი განცხადება, სადაც ისინი ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიუთითებდნენ და აღნიშნავდნენ, რომ შიდა თუ გარე აქტორების ქმედებებში იკვეთება საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლებისათვის საფრთხის შემცველი მოქმედებების ერთობლიობა“.