აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად გააკრიტიკა საკუთარი ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია, გაამჟღავნა სქემები, რომლებსაც უწოდებენ თაღლითურს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვა ქვეყნების საელჩოების, თუ დონორების მხრიდან საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით დუმილი მიუღებელია.
პაპუაშვილის განმარტებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ამ შემთხვევაშიც შესაძლოა, ყოფილიყო ზუსტად ისეთივე მავნე მიზნები, რომლებიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით.
„უცხოური დახმარების სამყარო უკვე ისეთი აღარ არის, როგორიც იყო ორი კვირის წინ. ის მხილებები, რომლებსაც ვისმენთ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციისგან, თავდაყირა აყენებს იმ წარმოდგენებს, რომლებიც შესაძლოა, არსებობდა ზოგიერთი ადამიანის თვალში საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით. აშშ-ის ადმინისტრაციამ იმაზე უფრო მკაცრად, იმაზე უფრო ცხადად და მკაფიოდ გააკრიტიკა საკუთარივე ბიუჯეტიდან დახარჯული ფული საგარეო დახმარების ქოლგის ქვეშ, ვიდრე ჩვენ ოდესმე გაგვიკრიტიკებია. ფაქტობრივად, გაამჟღავნა სქემები, რომლებსაც ისინი უწოდებენ თაღლითურს, კრიმინალურს, მავნებლურს. თავად ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში გადახედვის საფუძვლად იყო მოცემული, რომ სხვა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის გამოიყენებოდა ეს თანხები. ამის ფონზე დღეს უკვე ყველა დონორი ქვეყანა არის ეჭვმიტანილი. შეუძლებელია, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ აშშ-ის ბიუჯეტის ხაზით დახარჯულ ფულზე. რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნები, რომლებიც არიან ჩართული, უკვე გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ აქაც შესაძლოა, ყოფილიყო ზუსტად ისეთივე მავნე მიზნები, რომლებიც გაცხადდა აშშ-ის ბიუჯეტიდან დახარჯულ თანხასთან დაკავშირებით. ამიტომ მიუღებელია ის დუმილი, რომელსაც ჩვენ ახლა ვხედავთ სხვა საელჩოების, თუ დონორების მხრიდან, მცდელობას, რომ არც კი შეიმჩნიონ, თითქოს არაფერი არ მომხდარა ამ ქვეყანაზე საგარეო დახმარებასთან დაკავშირებით.
არა, კიდევ ერთხელ ვამბობ, სამყარო შეიცვალა, აღარ არის უკვე ის ტაბუ, რომელიც აქამდე ჰქონდათ დადებული საგარეო დახმარებაზე. ამიტომ თითოეული დონორი ქვეყანა ახლა არის ეჭვმიტანილი და მათ აქვთ მტკიცების ტვირთი, რომ გამჭვირვალობით და საჯაროობით, მათ შორის ქართველ ხალხს აჩვენონ, რაში იხარჯებოდა მათ მიერ გამოყოფილი თანხები. მით უმეტეს, რომ ჩვენ არათუ ეჭვი, არამედ გვაქვს მტკიცებულებები, რომ ამერიკული ფონდების გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების, თუ ევროპული ფონდებიც იხარჯებოდა დესტაბილიზაციისთვის საქართველოში.
„ევროპის დემოკრატიის ფონდი“ არის ამასთან დაკავშირებით ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი. ფონდი, რომელიც სპეცსამსახურების მეთოდით, იატაკ ქვეშ აფინანსებს რადიკალურ პოლიტიკურ პარტიებს, თუ რადიკალურ ჯგუფებს. ამასთან დაკავშირებით არაერთი მაგალითი მოგვიყვანია. იცით, რომ ამაზე დავწერე და საჯაროდაც ვთქვი, ევროკავშირის ელჩისთვისაც მქონდა მიმართული წერილობით, რომ გაესაჯაროებინათ EED-ის დაფინანსება, თუმცა ამაზე მივიღე უარი რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ. არ ვიცი, თუ არ მიუწვდებოდათ, მაშინ სამი თვე ფიქრი რაში სჭირდებოდათ. როგორც ჩანს, ათანხმებდნენ ამას სხვადასხვა წრეში და ბოლოს გადაწყდა, რომ ქართველი ხალხისთვის არაფერი ეთქვათ. ამიტომ კიდევ ერთხელ, ჩემი მოლოდინია, რომ ყველა დონორი ორგანიზაცია, თუ სახელმწიფო, იქნება ეს შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, ევროკავშირი თავად, ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც საქართველოში ხარჯავს თავის ფულს, ახლა მოიქცევა ისე, როგორ მაგალითსაც იძლევა აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.