ეს არის მხოლოდ მართლმსაჯულების საკითხი და ეს არ არის პოლიტიკური გარჩევის საკითხი, თუ რა სიმძიმის ქმედებაზე რა სასჯელი არის და აღიარებას რა შემსუბუქება შეიძლება, მოჰყვეს, ან რა შეიძლება, არ მოჰყვეს, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „დღის თემა“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლებოდა თუ არა უფრო ჰუმანური დამოკიდებულების გამოვლენა, მით უმეტეს, ასეთი მძიმე პოლიტიკური ვითარების განეიტრალების და ნორმალიზების მიზნით, როდესაც ადამიანები თან აღიარებენ ბრალს, მზად არიან გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის და საპროცესო შეთანხმების მოლოდინში არიან, საუბარია ორი დღის წინ დამდგარ განაჩენზე, გურამ ხუტაშვილის და დანიელ მუმლაძის მიმართ, რომლებსაც 112-ის კამერების დაზიანებას ედავებოდნენ და, რომლებიც ბრალს აღიარებდნენ და ითხოვდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, თუმცა ორივე მათგანს სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

„ამას შეჩვეულია სინამდვილეში ის ხალხი, რომლებიც ევროპულ ღირებულებებზე გვესაუბრებიან, მუდმივ ჩარევას ქართულ, თუ სხვა მართლმსაჯულებაში. სააკაშვილის საქმეც ხომ ესაა? ფაქტობრივად, დღეს ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში ისხდნენ და არაევროპულად იქცეოდნენ, როდესაც ერეოდნენ მართლმსაჯულებაში. ამას შეჩვეული იცით, რატომ არიან? იმიტომ, რომ ფიქრობს ვიღაც, ვისთვისაც მეტროპოლიაა ცენტრი და ჩვენ ვართ პერიფერია; როგორც მოსკოვიდან ჩამოდიოდნენ რევიზორები და ასე ვთქვათ, მათ ჭკუაზე უნდა გვევლო და აქედან იქით უნდა შეგვეთანხმებინა, ასე არიან ზოგიერთები, პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომლებსაც ვხედავთ, რომ გავლენა საკმაოდ აქვთ ბრიუსელის სხვადასხვა დერეფანში. ასე რომ, მართლმსაჯულების გადასაწყვეტი არის ეს საკითხები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, როდესაც ამდენი ძალადობაა, საქართველოში ევროკავშირის ელჩს არცერთხელ არ განუცხადებია, რომ ძალადობას ემიჯნება.

„მე ერთი რამ მიკვირს, როდესაც შენი ფულით, ევროკავშირის მოქალაქის ფულით ფინანსდება ძალადობა და სიძულვილი, რა მოხდა, რომ ევროკავშირის ელჩი ერთხელ მაინც გამიჯვნოდა ძალადობას და ეთქვა, რომ ეს არ შეიძლება? აი, რამე უჭირს? მივყვეთ ლოგიკას, რადგან ამას არ აკეთებს, რატომ არ აკეთებს ამას? იმიტომ, რომ როგორც კი ევროკავშირის, ან რომელიმე ელჩი იტყვის, რომ თავდასხმა, ძალადობა, სიძულვილი, შეურაცხყოფა არის მიუღებელი, იმ მომენტშივე ისინი ვერბალურ დელეგიტიმაციას გაუკეთებენ იმ მოძალადე ჯგუფებს, რომლებიც დღეს ევროკავშირის დროშით ქალაქში დადიან და ცდილობენ ძალადობას პოლიტიკურ ოპონენტებზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.