საერთო ჯამში, ეს ადამიანები, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ, სინამდვილეში, არიან გაწირული პაიკები იმ უცხოელების მხრიდან, რომლებიც მათ აგულიანებენ, მათი ზურგით იქცევიან ასე, იქცევიან არაქართულად, ჩვენი პოლიტიკური კულტურის ყველა წესის, წითელი ხაზის გადახაზვით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანმა შალვა პაპუაშვილს ჰკითხა, როგორ აისახება პოლიტიკურ პროცესებზე უკვე სამი ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერის საპატიმროში ყოფნა.

„გავლენის მოხდენით არ უნდა ვიმსჯელოთ. საერთო ჯამში, ეს ადამიანები და აქტივისტები, რომლებსაც პატიმრობა შეეფარდათ, რადგან მცირეწლოვან ბავშვთან ერთად თავს დაესხნენ პოლიტიკური თანამდებობის პირს, სინამდვილეში არიან გაწირული პაიკები იმ უცხოელების მხრიდან, რომლებიც მათ აგულიანებენ. მათი ზურგით იქცევიან ასე, იქცევიან არაქართულად, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი პოლიტიკური კულტურის თუნდაც, ყველა წესის, წითელი ხაზის გადახაზვით, რადგან აქვთ ზურგი ზოგიერთი ელჩის და უცხოელის, რომელიც ამ ყველაფრის შემდეგ გამოდის და ამბობს, რომ „მხარს გიჭერთ“. ამ ადამიანებს უჭერენ მხარს, რომლებიც მცირეწლოვან ბავშვთან ერთად თავს ესხმიან პოლიტიკური თანამდებობის პირს. აი, ამათი ზურგით მოქმედებენ, შემდეგ აღმოჩნდებიან ან ადმინისტრაციულ პატიმრობაში, ან გირაო როცა არ გადაიხადა ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს განცხადებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროპარლამენტის მომხსენებელს საქართველოსთან დაკავშირებით „ჩვეულებრივი ტიპური, კლასიკური ფაშისტური განცხადებები აქვს“.

„ამ ადამიანებს საბოლოო ჯამში, გარედან პაიკებად სწირავენ, რადგან, როგორც დღეს ვნახეთ, ევროპარლამენტში რასა იუკნევიჩიენემ კიდე ერთი ბენეფისი მოიწყოს და დამოძღვროს მცირე ერი, როგორც დიდი ერის წარმომადგენელმა. ასე ზემოდან გვიყურებდნენ ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, არ ვიცი, ან ამდენი ხანი როგორ გვიტანდნენ, როცა ერთ სახელმწიფოში ვიყავით, არ ვიცი, რა დავუშავეთ ასეთი, რომ გადაკიდებული არიან პირდაპირ; ქართველ ხალხს ასე ებრძოდნენ, ასეთი რა მტრობა აქვთ ჩაბუდებული ქართველი ხალხის წინააღმდეგ, არ ვიცი, რომ ღიად ქართველ ხალხს ებრძვის ქალბატონი რასა იუკნევიჩიენე, მათ შორის, ფაშისტური განცხადებები აქვს ქართველი ხალხის მიმართ, ბოდიშსაც არ იხდის, თავს იწონებს ამით, ამბობს, რომ ქართველი ხალხია დამნაშავე, ვიღაცები აქ ინფექციები არიან და უნდა მოსპონ – ჩვეულებრივი ტიპური, კლასიკური ფაშისტური განცხადებები აქვს ევროპარლამენტის მომხსენებელს საქართველოსთან დაკავშირებით. ამაზე დიდი აბსურდი და არაევროპულობა, არ ვიცი, რა შეიძლება, იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.