ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტი კვალავ არღვევს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პარლამენტის პირველ სხდომას, ამიტომ კონსტიტუციის შესაბამისი მუხლის გათვალისწინებით პირველი სხდომა ჩატარდება 25 ნოემბერს.

„ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეატე დღისა. ასევე, მოგეხსენებათ, რომ სალომე ზურაბიშვილი კვლავ არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და არ ნიშნავს პირველ სხდომას. შესაბამისად, საქართველოს კონსტიტუციის 38-ე მუხლის ვალდებულებიდან გამომდინარე საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება 25 ნოემბერს, დაიწყება 12:00 საათზე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან პროცედურებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცესკოში გამზადებულია არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები, რომლებიც არჩეულმა წევრებმა უნდა აიღონ. 11 საათიდან კი დაიწყება რეგისტრაცია ახლად არჩეული დეპუტატების.

პარლამენტის პირველ სხდომას გახსნის, უხუცესი წევრი ლადო კახაძე.

„ცესკოს მიერ უკვე არის გამზადებული არჩეულ წევრთა დროებითი მანდატები. ამიტომ ყველა არჩეულმა წევრმა დროებითი მანდატი ცესკოსგან უნდა აიღოს. 25 ნოემბერს 11:00 საათიდან დაიწყება რეგისტრაცია. წერილობითია რეგისტრაცია ვინაიდან ჯერ ელექტრონულ სისტემაში არ არიან პარლამენტის ახალი წევრები შეყვანილი და პარლამენტის სხდომათა დარბაზთან იქნება სიის მეშვეობით ახლად არჩეული წევრების რეგისტრაციაში გატარება 11:00 საათიდან. 12:00 საათზე დაიწყება ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც წაუძღვება მისი უხუცესი წევრი ბატონი ლადო კახაძე“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რა შეეხება რეგლამენტს, პირველი საკითხი იქნება უფლებამოსილების ცნობა, რის შემდეგაც ჩამოყალიბდება ფრაქციები, ამის შემდეგ მოხდება პარლამენტის თავმჯდომარის და მისი მოადგილეების არჩევა. მოგვიანებით შეიქმნება კომიტეტები და აირჩევა კომიტეტის თავმჯდომარეები.