გამოვიდა, დაუშვილის პირით ვიღაც აჟღერებს, რომ საერთაშორისო სამართალს კი არ აქვს თურმე უპირატესობა და იმიტომ კი არ უჭერს ვიღაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, არამედ შეიძლება, იმიტომ უჭერდეს ან არ უჭერდეს, თუ რამდენად ეკომფორტულება მას ესა თუ ის მთავრობა, ამა თუ იმ მთავრობის პოლიტიკა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მიხეილ დაუშვილის განცხადება გამაოგნებელი იყო.
„გამაოგნებელი არა იმდენად, რომ ეს განაცხადა ერთ-ერთმა დეპუტატმა, არამედ გამაოგნებელი იყო იმ მხრივ, რომ ჩვენ ვიცით, ოპოზიცია თავისით რაღაცებს არ ლაპარაკობს და სხვადასხვა ჯგუფი აჟღერებინებს ზუსტად ამ ძალას, მათ შორის გარკვეულ მესიჯებს და ძალიან გამაოგნებელია ეს საკითხი. როდესაც ვსაუბრობთ არაღიარებაზე, ეს არ არის პოლიტიკა, ეს არის საერთაშორისო სამართალი. აქ არავისგან არაფერი გვაქვს დასამადლებელი, დასაშანტაჟებელიც ამ მხრივ არაფერია, როგორც ამას შეეცაცადა მიხეილ დაუშვილი, თითქოს რაღაცაზეა დამოკიდებული თურმე, რომ ქვეყნებმა პატივი სცენ საერთაშორისო სამართალს. სხვა რამეზე კი არ მიდის დღეს დავა, როდესაც რუსეთს აქვს აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ეს არის ზუსტად ის გამოწვევა, რომელიც აქვს წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და საერთაშორისო სამართალს.
ასე გამოვიდა, რომ მიხეილ დაუშვილის პირით ვიღაც აჟღერებს, თურმე საერთაშორისო სამართალს კი არ აქვს უპირატესობა და იმიტომ კი არ უჭერს ვიღაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი, არამედ შეიძლება, იმიტომ უჭერდეს ან არ უჭერდეს, თუ რამდენად ეკომფორტულება მას ესა თუ ის მთავრობა თუ ამა თუ იმ მთავრობის პოლიტიკა. ეს ძალიან სახიფათო განცხადება იყო და ძალიან საგანგაშო ამ მხრივ. მადლობა, რომ სწორი რეაგირება იყო, მათ შორის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე და დროულად მიუთითეს, რომ ამ თემის ამგვარი სპეკულირება არის აბსოლუტურად მიუღებელი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო წარადგინა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, მიხეილ დაუშვილმა გიორგი მსხილაძეს მიმართა კითხვით: „ამ კანონით და იმ ქმედებებით, რასაც „ოცნება“ ახორციელებს, ექმნება თუ არა საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“.