ჩვენ რასაც ვცდილობთ, არის ის, რომ ე.წ. პატარა პარტიები რაც შეიძლება უფრო მეტად იყვნენ ჩართული ამ საკითხებში. პოლიტიკა, რა თქმა უნდა, არის კონკურენცია და პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ მოლოდინი, რომ მოხდება წახალისება ერთმანეთის და ზედმეტად ხელშეწყობა, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ იმის საჭიროებას, რომ არსებობდეს გარკვეული მრავალფეროვნება საკითხების, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

მისი თმით, ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციას აიძულებს იმ თემებზე საუბრით შემოიფარგლოს, რომელიც აინტერესებს მას და არა საზოგადოებას. მისი თქმით, პატარა პარტიებმა უნდა შეძლონ, რომ ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ, რაც პოლიტიკურ სპექტრში მრავალფეროვან გარემოს შექმნის.

,,ხანდახან ჩემი თავისთვისაც შემიტყვია და ვატყობ ჩვენს ოპონენტებსაც და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ როდესაც ამ ერთ-ორ თემას მოვიტოვებთ გვერდზე და ვსაუბრობთ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, დიდი ინტერესი არის ხოლმე ამ თემებზე საუბრის. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ნაციონალურ მოძრაობას, ვინაიდან აქვს ფინანსური რესურსი, მედია რესურსი, აქვს შესაძლებლობა, რომ თემების გარკვეული დომინირება მოახდინოს ოპოზიციურ ფლანგზე და ამ საკითხებს ვინც გაცდება, შესაბამისად, მასზე ჰქონდეს ზეგავლენის ბერკეტი. კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ეს კომფორტია, რომ ჩვენ გვყავს ისეთი სუსტი მოწინააღმდეგე, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა. სუსტი არის თავისი წარსულის გამო, თვისი აწმყოს და იმ მომავლის ხედვის გამო, რომელიც აქვს და ნებისმიერ ამ ორთაბრძოლაში ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, არის უფრო ძლიერი და ეს შეიძლება გარკვეულ კომფორტს ჩვენ გვიქმნიდეს, მაგრამ შექმნან დისკომფორტი პატარა პარტიებმა. ყოველ ჯერზე, რატომ ხვდებიან ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.