ჩვენ გვჭირდება მეგობრები და არა – მიმთითებლები და ადამიანები, რომლებიც მოთხოვნებს წამოგვიყენებენ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„მეგობარი, რომელიც შენს ოჯახში შემოდის სხვაა და მეგობარი, რომელიც ოჯახში შემოდის და იწყებს თავისი გემოვნებით ავეჯის გადადგმას, ეს მეგობარი აღარაა. ზუსტად იგივე ხალხი გვეუბნებოდა, რუსეთს თუ სანქციებს არ დაუწესებთ, კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთო; ზუსტად იგივე ხალხი, მათ შორის, მიტინგზე რომ იდგა ერთ-ერთი მინისტრი, პირდაპირ გვეუბნებოდა, სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ ციხიდან, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებთო, თქვენი ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებაო. თქვენთვის რომ დაგვეჯერებინა, „ენჯეოებისთვის“ და ოპოზიციისთვის დაგვეჯერებინა, მაშინ უნდა გვეთქვა, რადგან იქიდან გვეუბნებიან, პატარა ხალხი ვართ და როგორ არ უნდა დავუჯეროთ, ვინ გვეკითხება, ისინი დიდები არიან და მათ უნდა დავუჯეროთ. ოპოზიცია რომ ყოფილიყო სათავეში, გაჰყვებოდნენ, სანქციებსაც დააწესებდნენ, მოხალისეებსაც დააორგანიზებდნენ, გაუშვებდნენ უკრაინაში და სააკაშვილსაც გამოუშვებდნენ. საქართველოში რა დატრიალდებოდა, შეგიძლიათ, დაფიქრდეთ.
ეკონომიკურად გაზომილია, რა მოხდებოდა საქართველოში. გვექნებოდა ეკონომიკური კოლაფსი, 10%-იანი ვარდნა, ზუსტად იმ მეგობრების რეკომენდაცია რომ გაგვეთვალისწინებინა, ვინც სანქციების დაწესებას გვთხოვდა, გვირჩევდა, ხანდახან მუქარანარევი ტონითაც გვეუბნებოდა, დღეს საქართველო ეკონომიკურად ჩამონგრეული იქნებოდა. ასეთი მეგობრის რჩევა გასათვალისწინებელია? სააკაშვილი რომ გამოგვეშვა, რა მოხდებოდა რადიკალიზმის მხრივ, ხომ გასაგებია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.