ის, რომ მედიას უთხრა ტყუილი არ თქვას და სიმართლე თქვას, ეს რეპრესია?! ეს თუ რეპრესია არის, მგონი, პრობლემა ჰქონია ზოგიერთ მედიის წარმომადგენელს, დღეს არსებული სტანდარტია, რომელიც არ მუშაობს და რა აზრი აქვს იმ სტანდარტს, რომელიც არ მუშაობს, რომლის ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე განმარტებით, ახალი კანონით ეფექტიანი აღსრულების საშუალება შეიქმნება.
„ბოლო ერთ თვეზე მეტია, ვაკვირდებით აღიარებას აღიარებაზე, რომელიც ჩვენ აშშ-ის ადმინისტრაციიდან გვესმის, თავად აშშ-ის ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ასეულობით მილიონი იხარჯებოდა მსოფლიოში მედიაქსელის შესაქმნელად, სადაც ჩართული იყვნენ, მათივე აღიარებით ასეულობით მედია, ასეულობით მედიაენჯეო, ათასობით ჟურნალისტი, რომელიც პირდაპირ ხელფასზე ისხდნენ ამერიკის ბიუჯეტიდან წამოსული თანხებით. თავად აღიარებენ, რომ ამით იყო შექმნილი პროპაგანდისტული მედია ქსელი, რომლის მიზანი იყო იმ ნარატივების ხელშეწყობა, რომელიც სურდა წინა ადმინისტრაციას თუ დამფინანსებელს და პირიქით. რაც შეეხება წამოსულ დაფინანსებებს ევროკავშირიდან, თუ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, აქაც საკითხი მარტივად არის, იმ პირობებში, როდესაც ცხადია, რომ ამერიკული ფული იხარჯებოდა, ზოგ კარგ საქმესთან ერთად, იხარჯებოდა ასევე სხვადასხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე, პროპაგანდაზე და ა.შ. რაც აღიარებულია თავად აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ განკარგულებაში. როგორ გამოდის, რომ მაგალითად, ISFED-ი, რომელიც პირდაპირ ფინანსდებოდა ამერიკული წყაროთი და ფინანსდებოდა ევროკავშირიდან, რა გამოდიოდა, რომ ისინი, როდესაც პარალელური დათვლის შედეგებს გვიმალავდნენ და ტყუილ შედეგებს გვეუბნებოდნენ 2020 წელს, 2024 წელს კი საერთოდ არ გაასაჯაროვეს, ამერიკული დაფინანსებით გვატყუებდნენ და ევროპული დაფინანსებით კაი საქმეს აკეთებდნენ?! იგივე ეხება მედიებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანი საზოგადოება იყოს დაცული და იცოდეს სიმართლე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ მედია ორგანიზაციებშიც, როგორც წესი, ეს არის კომბინირებული დაფინანსება. იქ არის ამერიკული წყაროდანაც, ევროკავშირიდან, ევროკავშირის ზოგიერთი წევრიდანაც ცალ-ცალკე წამოსული კომბინირებული თანხა და როგორ გამოდის, ამერიკული ფულით პროპაგანდას ეწეოდნენ და ევროპული ფულით კეთილსინდისიერად მუშაობდნენ?! ასე ხომ არ შეიძლება. ამიტომ, თავად აშშ-ის აღიარებამ გვაჩვენა ჩვენ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზოგადოება დავიცვათ უცხო პროპაგანდისტული ქსელებისგან და აქედანაც არის ეს გამომდინარე. ნახსენები იყო სხვადასხვა ორგანიზაცია, „ინტერნიუსი“, „აირექსი“, USAID-ი, სხვადასხვა წყაროები, რომლითაც ზუსტად ხდებოდა პროპაგანდისტული ქსელის აწყობა. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.