21-ე საუკუნის ორჯონიკიძეები სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას და მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, ანუ საქართველოსგან ითხოვდნენ ომში შესვლას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კოჯორში, სადაც იუნკერთა მემორიალთან დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

„ის გადაწყვეტილება, რაც გაცხადდა 3 წლის წინ ამ ადგილას, სამი წლის თავზე ყველა ხვდებით უკვე, თუ რამდენად სასიცოცხლოდ ეგზისტენციალური მნიშვნელობის გადაწყვეტილება იყო. ჩვენ სამი წლის წინ გადავრჩით ახალ ომს ჩვენ სამი წლის წინ გადავრჩით ჩვენი სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის ხელახლა ხელყოფას, ჩვენ სამი წლის წინ გადავრჩით სისხლის ღვრას, ახალ ცრემლს, შავებში ჩაცმულ ადამიანებს, რომლებიც დაიტირებდნენ კიდევ ერთხელ საკუთარი ოჯახის წევრებს. ამას გადავრჩით ჩვენ სამი წლის წინ და აქეთკენ გვიბიძგებდნენ 21 საუკუნის ორჯონიკიძეები, რომლებიც სამი წლის წინ, ზუსტად ამ დღეებში, ითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან ესკალაციას, სანქციების დაწესებას და მოხალისე მებრძოლების გაგზავნას, ანუ საქართველოსგან ითხოვდნენ ომში შესვლას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.