ჩვენ ვიქნებით ხმამაღალი ნებისმიერი ძალადობის წაქეზების, დაფინანსების, მხარდაჭერის და შემდეგ ამის გამართლების მიმართ. საქართველო არ გახლავთ არავის საექსპერიმენტო ტერიტორია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, ვერავინ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, საჯარო მხილებას.

„ჩვენ კვლავ ვიმყოფებით წინასაარჩევნო რეჟიმში. 4 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ პარლამენტის წევრებს, რომლებიც ჩართული ხართ წინასაარჩევნო კამპანიაში. მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, ერთი მხრივ, რა არჩევნებთან გვაქვს საქმე, რატომ არის მნიშვნელოვანი, მივიდნენ არჩევნებზე და საკუთარი ნება დააფიქსირონ. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ გარედან წაქეზებული რამდენიმე ჯგუფი ცდილობს, ფაქტობრივად, გააუქმოს საქართველოში დემოკრატია და საქართველოს მოქალაქეებს არ მისცეს საშუალება, თავისი საარჩევნო უფლება გამოიყენოს. ვნახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ დაანონსებული აქვს არჩევნების პარალელურად ძალადობა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ იმუშავა და დოკუმენტურად გამოქვეყნდა დასკვნა, მათ შორის პარლამენტის რეზოლუცია, რომ კრიმინალური სახელმწიფო მოწყობა ჰქონდათ 2012 წლამდე და ახლა უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს აგრძელებენ საქართველოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას, ქვეყნის მტრობას. მათ სურთ, ხელი შეუშალონ საქართველოს მოქალაქეებს საკუთარი ნების გამოვლინებაში. სკანდალურია, რომ ამ ძალადობრივ, წინასწარ დაანონსებულ სისხლის სამართლის დანაშაულს და ძალადობას ევროკომისიის პრესსპიკერმა სოლიდარობის სიტყვები გამოაცხადა, რაც თავისთავად გულისხმობს პასუხისმგებლობის გაზიარებას ნებისმიერ ძალადობაზე, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე მოხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, და მათ შორის ბიუროს სხდომის ფარგლებში მინდა, დავაფიქსირო, რომ ერთი ფაქტიც თუ იქნება ძალადობის, ვერავინ გაექცევა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, საჯარო მხილებას. ხმამაღალი საუბარი გვექნება იმის შესახებ, როცა უცხოელები სოლიდარობას უცხადებენ მოძალადეებს. დიდი ხანი ვითმენდით, რომ თავზე ხელს უსვამდნენ მოძალადეებს. გახსოვთ, „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლის პირველი ფაქტი როდესაც მოხდა საქართველოს ისტორიაში, ლამის გმირად გამოაცხადეს სისხლის სამართლის დამნაშავე, მოძალადე ადამიანი, რომელიც რეციდივისტიც იყო, სხვა ძალადობრივი დანაშაულიც ჰქონდა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. ფაქტობრივად, ლამის გმირად გამოაცხადეს, ევროპარლამენტარები მხარს უჭერდნენ, მათ შორის ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა მაშინ „მოლოტოვის კოქტეილის“ წამახალისებელი კამპანია, რომელსაც დღემდე არ გამიჯვნია არცერთი პასპორტიანი ევროპელი და ევროკავშირელი. ამის შედეგი იყო ის, რომ მაშინ თუ ერთი „მოლოტოვის კოქტეილი“ გავარდა, შემდეგ ოთხი, ხუთი დაემატა. ფაქტობრივად, ამით გაწირეს მათ, ვინც დღეს ბოლშევიკების ლოზუნგი გაიხსენა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას. სხვათა შორის, მაშინაც გარედან თავს მოგვახვიეს ბოლშევიკური ტერორი, დღეს სახეცვლილი, ლიბერალური ტერორის სახით. იგივე ლოზუნგებით ცდილობენ ტერორის დამკვიდრებას საქართველოში. ჩვენ ვიქნებით ხმამაღალი ნებისმიერი ძალადობის წაქეზების, დაფინანსების, მხარდაჭერის და შემდეგ ამის გამართლების მიმართ. საქართველო არ გახლავთ არავის საექსპერიმენტო ტერიტორია. ყველამ საკუთარ პოლიტიკურ სისტემასთან დაკავშირებით უნდა აგოს პასუხი და იმით იყოს დაკავებული. ამაზე პასუხი გვექნება, როგორც ყოველთვის, მშვიდი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, „4 ოქტომბერს ყველა მოქალაქე, ვინც საქართველოს პატრიოტად მიიჩნევს თავს, უნდა მივიდეს არჩევნებზე, გააკეთოს საკუთარი არჩევანი მშვიდობის და არა ტერორის სასარგებლოდ“.

„ეს კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ყველას ქვეყნის შიგნით და განსაკუთრებით გარეთ, რომელიც თვალს უხუჭავენ ქართველი ხალხის ნებას, შერჩეული ჰყავთ საკუთარი, რაღაც გამორჩეული ჯგუფი, რომელსაც კვებავენ ფინანსებით და შემდეგ მოძალადეთა ჯგუფს გვიცხადებენ ქართველ ხალხად, იმის იქით ვერ ხედავენ ვერავის, ეს ეტყობა ყველაფერს, მათ შორის იმით, რომ საკუთარი ფულით ნაკვები ელიტური ნაღების მიღმა ქართველი ხალხი მათთვის არის უინტერესო, იქნება ეს გარე ძალები, თუ იქნება მათი შიდა პოლიტიკური საცეცები. წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და ყველა ვხედავთ, რომ არც კი მუშაობენ, ხალხთან არ მიდიან, არ ესაუბრებიან. დაკავებული არიან მხოლოდ საკუთარი ტელევიზიების სტუდიიდან ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით. ნაცვლად იმისა, შეხვდნენ მუნიციპალიტეტებში ამომრჩეველს, მათი მხარდაჭერა მოიპოვონ, სხვა ქვეყნების დედაქალაქებში დადიან მათი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ეს არის განსხვავება დამოუკიდებლობასა და ვასალობას შორის. ფაქტობრივად დღეს კრისტალიზირდა მდგომარეობა და ნათლად ჩანს, რომ ცალ მხარეს დგას დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, რომლისთვისაც ქართველი ხალხი ყოველთვის იბრძოდა და მეორე მხარეს დგას სხვისი მორჩილება, სხვისი დროშის ფრიალი, სხვა ქვეყნებში საკუთარი ქვეყნის დასმენა, ცეცხლის და სეტყვის გამოწვევა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ მხრივაც მნიშვნელოვანი ისტორიული ეტაპია, ვინაიდან ეს ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. ამიტომ, 4 ოქტომბერი იქნება მუნიციპალური არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი დღე. ყველა გამოკითხვით, მუნიციპალიტეტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ძალიან მაღალი მხარდაჭერა, ნდობა აქვთ ხოლმე. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია 4 ოქტომბრის არჩევნები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ყველამ პატივი უნდა სცეს ქართველი ხალხის არჩევანს.

„დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ ჯერზეც სწორ არჩევანს გააკეთებს. ერთადერთი სურვილი მექნება ზოგიერთი უცხოელის მიმართ. ფართოდ გაახილონ თვალები და ჩახედონ ქართველი ხალხის არჩევანს. ეს არის სუვერენიტეტის პატივისცემა? თუ ამ სიტყვას ვინმე სერიოზულად გულისხმობს. ცოტა ხნის წინ, 27 სექტემბერს, სოხუმის დღის დაცემასთან დაკავშირებით მოვისმინეთ განცხადებები, მათ შორის ზოგიერთი უცხოური ქვეყნის მხრიდან. როდესაც კვლავ გვესმის ხოლმე სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ერთადერთი რამ გვაინტერესებს, თუ იაზრებენ ამ სიტყვის მნიშვნელობას, რას ნიშნავს სუვერენიტეტის მხარდაჭერა? საქართველოს სუვერენიტეტი არ მოქმედებს მარტო ერთი გეოგრაფიული მიმართულებით და ერთ ქვეყანასთან კავშირში, საქართველოს სუვერენიტეტი მოქმედებს წრიულად. ყველა ქვეყნის მიმართ ჩვენ გარშემო, ჩვენ საზღვრებთან, თუ ჩვენი საზღვრებიდან მოშორებით. ყველას მიმართ და ყველასგან სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას გულისხმობს ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ხალხმა 35 წლის წინ გააკეთა და ამ არჩევანს უნდა სცეს პატივი. 2024 წელს ზოგიერთს იმედი ჰქონდა, რომ არჩევნების შემდეგ ისევ არევდნენ ვითარებას, საკუთარ სატელიტებს მოიყვანდნენ ხელისუფლებაში. ნახეს, რომ ქართველმა ხალხმა ყველა ეს იმედი გადაუწურა ყველა იმ უცხო ძალას, რომელიც ცდილობს მარიონეტული რეჟიმის დასმას საქართველოში. ჩემი მოწოდება იქნება, რომ იგივე შეცდომა არ გაიმეორონ. 4 ოქტომბერს, თუ 5 ოქტომბერს დახედონ შედეგებს, ერთი წუთით დაფიქრდნენ, რას ნიშნავს ხალხის არჩევანი, დემოკრატია, სუვერენიტეტი, პატივი სცენ ქართველი ხალხის არჩევანს. დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ამ დემოკრატიულ პროცესში ხართ ჩართული. მივმართავ ამომრჩეველს, საკუთარ მუნიციპალიტეტებში მხარი დაუჭირონ იმ ადამიანებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ საუკეთესოდ მოემსახურებიან მუნიციპალიტეტის მიზნებს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.