პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით. მან, აგრეთვე, მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და საერთაშორისო რეიტინგები, რომლებიც საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ასახავს.
რიჩარდ ნეფიუმ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. მისი თქმით, კორუფციასთან ბრძოლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეს მიმართულება მნიშვნელოვანია, რათა დემოკრატია მაქსიმალურად კარგად ფუნქციონირებდეს. მან აღნიშნა, რომ მისი ვიზიტის მიზანია ხელი შეუწყოს დიალოგსა და გამოცდილების გაზიარებას კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები კორუფციასთან ბრძოლისა და გამჭვირვალობის გაძლიერების მიმართულებებით. რიჩარდ ნეფიუმ გამოხატა საქართველოს შემდგომი მხარდაჭერის მზაობა.
შეხვედრაში, ასევე, მონაწილეობდა პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.