გამჭვირვალობის ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას ეხმაურება.

„FARA-ს რეესტრში შეყვანილია გიული ალასანია და დავით კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულა“. ალბათ ეს მაინც არ არის სადავო, რომ არც ერთი და არც მეორე, ღმერთის წყალობით, უკვე 12 წელია, აღარ არიან საქართველოს „მთავრობის სახელით მოქმედი პირები“.

სწორედ ამგვარი ზედაპირულობა და სიმართლეს აცდენილი ინფორმაცია ახალისებს რადიკალურ ჯგუფებს საქართველოში.

გვახსოვდეს, რომ გამჭვირვალობის ქართული კანონი ამერიკულთან ახლოსაც ვერ მივა რეგულაციების სიმკაცრით – არ ეხება ფიზიკურ პირებს, არ ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას და ა.შ.“ – წერს შალვა პაპუაშვილი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკული „ფარა“ ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ. მისივე თქმით, ეს განსხვავებული რამ არის.