ვაფასებ უნგრეთში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობას გეოპოლიტიკურად არასტაბილურ პერიოდში, როდესაც მსოფლიო სხვადასხვა პოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე იმყოფება. დღევანდელ რთულ გარემოში, ისეთ მეგობრულ ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, როგორიცაა საქართველო და უნგრეთი, მეტ მნიშვნელობას იძენს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა უნგრელ კოლეგასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკანასკნელ წლებში, საქართველო-უნგრეთის ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, უნგრეთს ვესტუმრე. ეს არის საქართველოს პარლამენტის XI მოწვევის პირველი ოფიციალური ვიზიტი. აღსანიშნავია, რომ ის ხორციელდება ქვეყანაში, რომელიც საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერით გამოირჩევა.
ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ჩემს კოლეგა ლასლო კოვერთან. ბატონი თავმჯდომარე საქართველოს ჯერ კიდევ 2023 წელს ესტუმრა და მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენ ვახორციელებთ საპასუხო ვიზიტს, რაც კარგად წარმოაჩენს, როგორ ვითარდება ჩვენი საპარლამენტო კავშირები.
ძალიან ვაფასებ უნგრეთში ვიზიტის განხორციელების შესაძლებლობას გეოპოლიტიკურად არასტაბილურ პერიოდში, როდესაც მსოფლიო სხვადასხვა პოლიტიკური და უსაფრთხოების გამოწვევის წინაშე იმყოფება. დღევანდელ რთულ გარემოში, ისეთ მეგობრულ ქვეყნებს შორის შემდგომი თანამშრომლობა და ურთიერთმხარდაჭერა, როგორიცაა საქართველო და უნგრეთი, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს.
შეხვედრის ფარგლებში, დიდი მადლობა გადავუხადე უნგრულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და ევროპული მომავლის მტკიცე და შეუქცევადი მხარდაჭერისთვის.
ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობა საუკუნეების წინ წარმოიშვა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებიც ჩვენი ძლიერი ქრისტიანული მემკვიდრეობიდან მომდინარეობს. უკანასკნელ წლებში, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, ჩვენი კავშირები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიყვანეთ, რასაც ჩვენი ქვეყნებისა და ხალხებისთვის დადებითი შედეგები მოაქვს.
პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პირველი ლიდერი გახლავთ, რომელიც 2024 წლის ოქტომბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოში ჩამოვიდა. აღნიშნული ჩვენი ძლიერი მეგობრობისა და ურთიერთმხარდაჭერის კიდევ ერთი დადასტურებაა.
სამთავრობო დონეზე კომუნიკაცია ხშირია. შეხვედრის ფარგლებში, მე და ჩემი კოლეგა შევთანხმდით საპარლამენტო მიმართულებითაც ჩვენი ჩართულობის კონსოლიდაციაზე. დღეს ჩვენს ორ საკანონმდებლო ორგანოს შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო ხელშეკრულება გავაფორმეთ. მე მჯერა, რომ ეს შეთანხმება ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო ნაყოფიერი საპარლამენტთაშორისო დიალოგისა და გამოცდილების გაზიარებისთვის მყარ საფუძველს შექმნის. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ინფორმაციის შემდგომ გაზიარებას პარლამენტების ადმინისტრაციებს, სექტორულ კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის. ჩვენ, აგრეთვე, შევთანხმდით ევროპული პოლიტიკური პლატფორმების ფარგლებში თანამშრომლობაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, შეხვედრის ფარგლებში ასევე ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს გეგმებზე და ხაზი გაუსვა საქართველოს მიზანს, 2028 წლამდე ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90 პროცენტი განახორციელოს.
„მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი ეს შეთანხმება ჩვენი მთავარი გეგმაა, რათა გავაგრძელოთ ევროკავშირთან სამართლებრივი და ინსტიტუციური დაახლოება. მადლობას ვუხდით უნგრეთს ამ პროცესში ჩვენი დახმარების მზაობისთვის. თქვენი გამოცდილება ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა.
მადლიერები ვართ აქ, ეროვნულ ასამბლეაში თბილი დახვედრისთვის. ძალიან ვაფასებთ უნგრული მხარის თითოეულ ნაბიჯსა და განცხადებას, რომლებიც საქართველოს მხარდაჭერაზეა მიმართული. მზად ვართ, მომდევნო წლებში გავაღრმავოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.