ადრე მოსკოვში დარბოდნენ და ცენტრისგან ითხოვდნენ თავიანთი კონკურენტების დასჯას, დღეს იმავე ხალხის შთამომავლები ბრიუსელსა და ვაშინგტონში დარბიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "გამჭვირვალობის კანონის" მიღებასთან დაკავშირებით აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროპის 14 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობების კომიტეტების თავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებას.
"ქართული და ევროპული ღირებულება გვკარნახობს, რომ ყოველთვის ვიყოთ სიმართლის მხარეს და არა განცხადებების, აღქმების, ვეძიოთ ჭეშმარიტება. გადამწყვეტი მნიშვნელობა რომ ჰქონდეს განცხადებებს და არა სიმართლეს, ანტისამთავრობო მიტინგზე ევროპელი მინისტრებისგან ისეთი განცხადებები მოვისმინეთ, რომ მაშინ ამას უნდა ავყვეთ. ჩვენ ხომ ჭეშმარიტება, სიმართლე გვაინტერესებს.
თუკი ვიღაცას აქვს შიში, რომ რეგულირების შემთხვევაში საზოგადოებისთვის აშკარა გახდება, რომ ფული იხარჯება არაკეთილსინდისიერ საკითხებში, ამ შიშის საფუძველზე არ უნდა მოხდეს ქართველ ხალხზე თავდასხმა, სანქცირების მუქარა, რაც ზოგიერთი პოლიტიკოსისგან გვესმის. რაც შეეხება შანტაჟს, მუქარას, რომელსაც ცდილობს ზოგიერთი პოლიტიკოსი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს არა სანქციების იმედით თუ შიშით, არამედ ქართველი ხალხის მანდატით. ეს არის ჩვენი განმაპირობებელი, თორემ სანქციებით ხან რუსეთი გვემუქრება და ხან – ვინ.
საქართველოს სანქციები დაწესებული ჰქონდა რუსეთისგან და, სხვათა შორის, დასავლეთის მხრიდანაც, 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოზე ვრცელდებოდა არაფორმალური სანქცია იარაღის მიყიდვასთან დაკავშირებით. არავინ გვაძლევდა ომგამოვლილ ქვეყანას იარაღს, 2013 წლამდე ვიყავით ფაქტობრივი სანქციის ქვეშ დასავლეთის მხრიდან. წელს რას ვხედავთ, თურმე არსებობენ ქართველები, რომლებიც, ისტორიულად ვიცით, რომ ადრე სხვა დედაქალებში დარბოდნენ, სპარსეთში თუ სხვა იმპერიებში, რომელსაც გავლენა ჰქონდა. დარბოდნენ და აბეზღებდნენ კონკურენტებს, ითხოვდნენ, წამოდი, ლაშქარი წამოასხი და დასაჯე ჩემი კონკურენტი, შემდეგ იმავე ხალხის შთამომავლები დარბოდნენ მოსკოვში და იქ ითხოვდნენ ცენტრისგან, რომ დაესაჯათ თავიანთი კონკურენტები, რათა გზა გათავისუფლებოდათ თანამდებობებისკენ. დღეს იმავე ხალხის შთამომავლები დარბიან ბრიუსელსა და ვაშინგტონში, რათა დააბეზღონ კონკურენტები, სთხოვონ, მოდი, დასაჯე, რომ მე გზა გამეხსნას ხელისუფლებისკენ. ასეთ ქართველებთან გვაქვს საქმე.
ჩვენ გვყოლია ასეთი „ენჯეოები“, პოლიტიკოსები, რომლებიც უცხო ქვეყანაში დადიან და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ჩარევას ითხოვენ, იქნება ეს სანქცია თუ შემდეგ, შეიძლება, ჯარიც მოითხოვონ, რათა რამენაირად ჩარიონ სხვები. თუკი რამე არის ღალატი, თითოეული ეს ადამიანი ჩადის ღალატს, ასეთმა ხალხმა მოიყვანა გუშინ უცხო ქვეყნის მინისტრები, დააყენა სცენაზე და დაუორგანიზა. ტაშს უკრავდნენ და აზიარებენ, რა კარგია, უცხო ქვეყნის მინისტრი ჩამოდის და ხალხის არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგში იღებს მონაწილეობასო. თუ რამე არის ქვეყნის ღალატი, ეს არის ღალატის მთელი ანატომია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.