ბოლო პერიოდში ვაკვირდები, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტებით გამოირჩევიან [ოპოზიცია]. მათ ვურჩევდი, რომ ელაპარაკონ არა პოლიტიკოსებს ქვეყნის გარეთ, ეს იქნება ამერიკა თუ სხვა, არამედ ქართველ ხალხს და საკუთარ ამომრჩეველს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განაცხადა.
„ისინი ამითაც აჩვენებენ, რომ საერთო ჯამში ლეგიტიმაციას ელტვიან არა ქართველი ხალხისგან, არამედ სხვადასხვა დედაქალაქებისგან. თავის დროზე სხვა დამოკიდებულება კი არ ჰქონდა კომუნისტური პარტიის ნომენკლატურას, ზუსტად ასე იყურებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის დედაქალებისკენ და სწორედ იქ ეძებდნენ ლეგიტიმაციას. ამიტომ ამ ქცევით, ამ ქმედებით, ამ ვიზუალით და აქეთ-იქით სიარულით მხოლოდ ერთ რამეს აჩვენებ ქართველ ხალხს, რომ ისინი ორიენტირებული არიან არა ქართველი ხალხის ინტერესზე, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს როგორ ასიამოვნონ, მათი ყურისთვის სასიამოვნო სიტყვები თქვან. ეს აბსოლუტურად აცდენილია იმას, თუ რას უნდა აკეთებდეს პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი უნდა მუშაობდეს საკუთარ ხალხთან და არა სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებთან. რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესებს, დაშლის პროცესი კულმინაციისკენ მიდის. კარგი იქნება, რაც უფრო მალე დაიშლება. თუ პოლიტიკას საერთოდ ჩამოსცილდებიან, ეს კარგი იქნება. ეს გაყოფები, ჯგუფები - ფარსია. გაყოფა ჩანს, თუმცა ასეთი რამდენი გვინახავს? გვინახავს, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და გიორგი ვაშაძე, რომელიც თითქოს პარტიასთან დაპირისპირებაში იყო, მაგრამ ახლა სად არის - „ნაცმოძრაობაში“. ზურა ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია გვინახავს. ამას რა ჩამოთვლის, მათი სახით ლეგიონია. სინამდვილეში, ეს არის არა მათი დაშლა და დაყოფა, არამედ სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილება იმისთვის, რომ თვალი აუხვიონ ქართველ ხალხს. საერთო ჯამში, ფაქტი იქნება, რომ 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით, მაგრამ ერთი ანტიქართული ფრონტით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.