2020 წლის არჩევნების შემდეგ დადასტურდა, რომ ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის შუამავლები არ იყვნენ ნეიტრალური, ჰქონდათ საკუთარი დღის წესრიგი, აინტერესებდათ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე კონტროლის მოპოვება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ვეტინგი იყო ამის ერთ-ერთი გამოხატულება.

„ეს ნელ-ნელა ჩანდა. მათ შორის, ეს ყველაფერი დაკავშირდა შემდეგ უკვე, როდესაც განაცხადი გავაკეთეთ წევრობაზე. მანამდე პროცესს შეგახსენებთ მე, 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდესაც ე.წ. ფასილიტაცია, თუ რაც ერქვა მაშინ იმ პროცესს, სადაც ევროკავშირი იყო ჩართული ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის. მე არაერთხელ გამიხსენებია ეს ისტორია, როდესაც პირველი პროექტი მოიტანეს. ევროკავშირის ელჩი იყო, ამერიკის ელჩი და ე.წ. მომლაპარაკებელი, პირველი პროქტი შეთანხმებისა, სადაც ეწერა გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით, რომ ეს უნდა მიგვეღო ჩვენ. იქვე დავსვი მე, კელი დეგნანი იყო და ჰარცელი მაშინ ელჩი და მომლაპარაკებელი, რომელიც ევროკავშირს წარმოადგენდა, დენიელსონი. მათ ვკითხე – ეს საიდან მოდის, გენერალური პროკურორის არჩევა კვალიფიციური უმრავლესობით? იმიტომ, რომ ამ საკითხებში მანამდეც ჩართული ვიყავი, წინა გამოცდილებიდან და არც ოპოზიციიდან, არც „ენჯეოებისგან“, არავისგან მსმენია, რომ ვინმე ამას ითხოვდა. და უცებ, ამხელა პოლიტიკური დიალოგი არის და საიდანღაც გაჩნდა ეს პუნქტი. დავსვი ეს კითხვა და სიჩუმე იყო, პასუხი ვერ მივიღე. შემდეგ არ დავიზარე და ამის შემდეგ იქაც, როდესაც შემდეგ ოპოზიციას ვხვდებოდით, მათაც ვკითხე, რომ ვისი იდეა არის ეს, გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა, საიდან მოიტანეთ, რატომ ითხოვთ, რატომ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი. მხრები აიჩეჩა ყველამ. შემდეგ „ენჯეოებსაც“ ვკითხე სხვა დროს, როდესაც უკვე აქ, საარჩევნო რეფორმაზე ვმუშაობდით და ყველამ მხრები აიჩეჩა, რამაც დაადასტურა, რომ ეს იყო ამ არბიტრების, შუამავლების მიერ ჩასმული პუნქტი. ეს ადასტურებს ორ რამეს. პირველი, მაშინ დადასტურდა ჩემ თვალში და მერე ბევრი რამ გაირკვა, რომ ისინი არ იყვნენ ნეიტრალური შუამავლები და მომლაპარაკებლები, მათ ჰქონდათ საკუთარი დღის წესრიგი, რომელიც თავს უნდა მოეხვიათ საქართველოს ხელისუფლებისთვის. და მეორე, გამოჩნდა, რა აინტერესებდათ აქედან გამომდინარე. აინტერესებდათ დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე კონტროლის მოპოვება – პროკურატურა, სასამართლო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.