საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ქალაქ სამარყანდში იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის 43-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვა 43-ე სესიაზე, ასევე შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და იუნესკო-ს ხელმძღვანელ პირებთან.

იუნესკო-ს გენერალური კონფერენციის ფარგლებში, მოეწყობა ქართული პავილიონი. ექსპოზიცია მიეძღვნება ქართულ არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობას – ქვევრის ღვინის დამზადების ტრადიციას და ქართულ პოლიფონიურ მუსიკას.

სამარყანდის მუსიკალურ-დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართება ქართული ხალხური სიმღერის ანსამბლის „ბასიანი“ კონცერტი. სამარყანდში დაგეგმილ ღონისძიებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან  თანამშრომლობით გამართავს.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.