საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია აცხადებს, რომ საქართველოში ებრაელ ლტოლვილებს არ უნდა ველოდოთ.
აჭარის ტელევიზიასთან პირდაპირ ჩართვაში ელჩმა განაცხადა, რომ ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობს, რადგანაც ისრაელს მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება არ გაუცია.
„ევაკუაცია ისრაელს არ გამოუცხადებია. არათუ ქვეყნიდან, არამედ არც ერთი კონკრეტული ქალაქიდან. შესაბამისად, ასეთი რამ, რომ მასიური უკონტროლო ვითარება შეიქმნას ისრაელის სახელმწიფოში და ამის საფუძველზე ისრაელის მოქალაქეების წამსვლელთა რიცხვი გაიზარდოს, არ არსებობს.
ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა. ის რაც ახლა ხდება, კი, ფართომასშტაბიანი იყო, მაგრამ ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელშიც ცხოვრება ამ სახელმწიფოს, ამ სახელმწიფო მოქალაქეებს და აქ მყოფ ადამიანებს უწევთ“,-აცხადებს, ლაშა ჟვანია.