საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხი განიხილეს.
მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი შატაკიშვილის ინფორმაციით, პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი ექვსი წლის ვადით სახალხო დამცველის თანამდებობაზეა არჩეული, მისი ახალი თანამდებობა კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილებასთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს, რის საფუძველზეც მას შეუწყდა პარლამენტის წევრის უფლებამოსილება.
მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტაცია ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის, პოლიტიკური გაერთიანება „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ პარტიული სიის მესამე ნომრის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის შესახებ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობას.