დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს, ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ განაჩენი თავის თავს და ქვეყანას და ქვეყნის ყველა ინსტიტუტს გამოუტანა. არსებობდა შანსი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქვეყანა საკონსტიტუციო ჩარჩოში დაბრუნებულიყო. იმ სიტუაციამ, სადაც არჩევნებამდე ვიყავით, რაც საწყისია მთელი ამ არალეგიტიმური, ერთმანეთზე გადაბმული მოვლენებისა, მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ ქვეყანაში არცერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი აღარ არსებობს - არა პარლამენტი, არა ამ პარლამენტის მიერ არჩეული მთავრობა, არა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც თავისი არსება დაკარგა და არა მთელი რიგი იმ ინსტიტუციებისა, რომლებიც სრულად დამოკიდებულები არიან ერთპარტიულ წყობაზე რომელიც ქვეყანაში დამკვიდრდა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება