„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე პირველად, დაიწყო საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა და სამარცხვინოდ, ამ ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირი დამოუკიდებელი სასამართლო ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს და გამოიტანა დასკვნა, რომ პრეზიდენტმა დაარღვია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია“, - ამის შესახებ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, იმპიჩმენტის პროცესი უკავშირდება პრეზიდენტის მიერ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, მისი ვიზიტებს ევროპაში, რათა ჩვენ ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი მოვიპოვოთ.
„დღეს, როდესაც ევროკავშირი ძალიან ცალსახად გვეუბნება, რომ როგორც საზოგადოებამ ასევე, პოლიტიკურმა სპექტრმა, უნდა აჩვენოს სრულიად უპრეცედენტო ერთიანობა იმისთვის, რომ ჩვენ არ დავკარგოთ შესაძლებლობა და მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მანტიამოსხმულმა „ივანიშვილის ჯიბის მოსამართლეებმა“ სამარცხვინო რუსული დავალების შესრულება გადაწყვიტეს, რომელთაც გადაწყვეტილება გააფორმეს. თუმცა, კარგია რომ აღმოჩნდა სამი მოსამართლე, რომელმაც საკუთარი სინდისის შესაბამისად, დაწერა საკუთარი დასკვნა“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, მმართველი გუნდი ასრულებს რუსეთისგან მიღებულ დავალებას.
„მესმის რომ ამას აკეთებთ, რადგან ეს არის დავალება, რომელიც გაქვთ მიღებული რუსეთისგან, რათა დააკოჭლოთ და გაანადგუროთ საქართველოს სახელმწიფო, მისი ინსტიტუცია და სწორედ ამ დავალების შესრულება არის ის სამარცხვინო იმპიჩმენტის პროცედურა, რომელიც წამოიწყო „რუსულმა ოცნებამ“ ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.