თუ გაგივათ, მოგიწევთ იანუკოვიჩის გზას დაადგეთ, მოსკოვში თავშესაფარი მოითხოვოთ, კარვების აკრძალვამ ვერც იმას უშველა და ვერც თქვენ გიხსნით,- ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ივანიშვილის კორუმპირებული თანაშემწე ღარიბაშვილი, რომლის ხელისუფლებამაც:
1. ახლა, ევროკავშირის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე კვირით ადრე, დაიწყო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა ევროპაში მისი ვიზიტების გამო;
2. დაჩქარებული წესით იღებს შეკრების თავისუფლების საწინააღმდეგო კანონს დღეს;
3. ჩააგდო ევროკავშირის ყველა მნიშვნელოვანი მოთხოვნის შესრულება;
4. გაუქმებულად გამოაცხადა ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა;
5. გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს ამერიკულ და ევროპულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მთავრობებს;
6. დასანქცირებული რუსი ქართველი ოლიგარქის და ჯაშუშის დასაცავად აამუშავა მთელი სახელმწიფო მანქანა;
7. რამდენიმე თვის წინ მიიღო რუსული კანონი აგენტების შესახებ და უკან წაიღო, როდესაც მიხვდა, რომ განრისხებული ქართველი ხალხი თავზე დაალეწავდა შუშის სასახლეს მის ბინადარს.
დღეს აი, ამ რუსული მთავრობის ე.წ. მეთაური აცხადებს, რომ შიდა და გარე მტრები უშლიან ხელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში.
საქართველოს ერთადერთი გარე მტერია-რუსეთი, შიდა მტერი-მისი მოკავშირე ხელისუფლება, თქვენი სახით.
იმედია, მიუხედავად ყველაფრისა, მივიღებთ კანდიდატის სტატუსს და წყალში ჩაგეყრებათ ევროპული მომავლის საბოტაჟის ეს მრავალთვიანი მცდელობა.
თუ გაგივათ, მოგიწევთ იანუკოვიჩის გზას დაადგეთ, მოსკოვში თავშესაფარი მოითხოვოთ, კარვების აკრძალვამ ვერც იმას უშველა და ვერც თქვენ გიხსნით“,- წერს სამადაშვილი.