არ მოუსმინა ხელისუფლებამ შარშან ასტროლოგებს აგენტების კანონთან დაკავშირებით და კი წარმოქმნა რევოლუციური სიტუაცია ცარიელ ნიადაგზე  - ამის შესახებ "ევროოპტმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:

რატომ არ ჰყავს მთავრობას და პარლამენტს ასტროლოგი მრჩევლები, როცა მილიონები იხარჯება უსარგებლო თანაშემწეების და მრჩევლების შენახვაში? არა თუ მინისტრებს, არამედ დეპუტატსაც უნდა ჰყავდეს მრჩევლად ერთი ასტროლოგი მაინც.

არ მოუსმინა ხელისუფლებამ შარშან ასტროლოგებს აგენტების კანონთან დაკავშირებით და კი წარმოქმნა რევოლუციური სიტუაცია ცარიელ ნიადაგზე.

მოუსმინეთ, თუ რას ამბობს ცნობილი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი პარლამენტში აგენტების კანონის ხელახლა შემოტანასთან დაკავშირებით:

“ეს კანონი ახლა არ უნდა ყოფილიყო დაინიცირებული, რადგან მზის დაბნელებას ემთხვევა, რაც მღელვარებებს და კონფლიქტებს წარმოშობს. კანონის ინიცირება უნდა მომხდარიყო ან მარტში, როცა მზე გაივლის მშვიდ თევზებს ან მაისში, როცა მზე გაივლის ფრიად სტაბილურ კუროს.

მთავრობა უშვებს მიუტევებელ შეცდომას და აღვივებს საზოგადოებაში აგრესიას, რადგან მზე გადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში, ვერძს კი მართავს ომის მმართველი და აგრესიის გამომწვევი პლანეტა მარსი. ზუსტად ამ დღეებში იგი უერთდება სატურნს, მთავარ დამსჯელ პლანეტას. თანაც ყველაფერი ხდება დაბნელების დერეფანში.

ხელისუფლება ვალდებულია გაითვალისწინოს, რა ხდება ცის კაბადონზე”.

ამაზე ნათლად როგორ უნდა შეაგნებინო “ქართულ ოცნებას”, რომ არ შეიძლება ამ კანონის მიღება.

ამათ არც კუროსი ესმით, არც ვერძის და არც თხის რქის. ღრიანკალს მაინც დაუგდონ ყური( ჩემი ზოდიაქოს ნიშანია, სხვათაშორის).

ნუ გაიჩალიჩებთ დამხობასო, გვაფრთხილებენ ვარსკვლავები.

რაც მოხდება, თქვენს თავს დააბრალეთ!