ასეთი რამ ფულის გარეშე არ ხდება, მეგობრებო. ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, ფული ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემა პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცესსთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ხმა ოპოზიციის წევრებმაც მისცეს.
„მთელი ოპოზიცია იყო შეთანხმებული, რომ არ დაუჭერდა მხარს იმ კანდიდატებს, რომელიც იქნებოდა „ქართული ოცნების“ მონა-მორჩილი და ქვეყანაში განახორციელებდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას. მაშინ მოხდა ორი რამ - ან გაიყიდა ხუთი ადამიანი, რადგან ხუთმა ოპოზიციონერმა მისცა ხმა, ან მოხდა მანიპულაცია პროგრამაში. ასეთი რამ ფულის გარეშე არ ხდება, მეგობრებო. ფული მარტო ჯოჯოხეთს კი არ ანათებს, ფული ზოგიერთი ოპოზიციონერის ტვინსაც აბნელებს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
არაოფიციალური ინფორმაციით (ფარული კენჭისყრა) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.
საპარლამენტო ოპოზიცია შეთანხმებული იყო, რომ მხარს არ დაუჭერდნენ საბჭოს კანდიდატებს, თუმცა ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ კანდიდატს. რის გამო ოპოზიციამ სხდომათა დარბაზი დატოვა.