დუმილი ოქროაო კი ამბობენ, მაგრამ ამ დუმილით მოჭრილი ოქრო ჯერჯერობით ქართულ ოცნებას უდევს ჯიბეში - წერს ყოფილი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

"ამაზე დიდი საოცრება რა უნდა იყოს- პარლამენტმა ერთ წელზე მეტია, რაც პირველი მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც მომავალი არჩევნების დაბალი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. არავინ იღებს ხმას, რომ ეს კანონპროექტი თაროდან იქნას ჩამოღებული და ხელიდან არ გაუშვან მომავალ პარლამენტში კოალიციის შექმნის შანსი. არ მესმის, პატარა პარტიები რამ შეაგულიანა, მართლა ჰგონიათ, რომ ხუთპროცენტიან ბარიერს გადალახავენ? კოალიციაზე ფიქრობენ? კარგია. შესაძლებელია მართლაც შეიქმნას ერთი-ორი ბლოკი, მაგრამ ძველი გამოცდილებები გვეუბნება, რომ როგორც წესი, არჩევნებამდე იშლებიან ხოლმე. ნაციონალურ მოძრაობას რა აწყობს, დაბალი ბარიერი და პარლამენტში შესულ პარტიებთან კოალიციის შეკვრა, თუ კვლავ საპატიო მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსი?

სანამ ქართული ოცნება დემორალიზებულია, სანამ საერთაშორისო წნეხშია მოქცეული, სანამ 12 პუნქტის შესრულებაზეა ორიენტირებული მთელი ქვეყანა, კონსტიტუციის მეორე-მესამე მოსმენით მიღება ერთერთი ყველაზე მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს. დუმილი ოქროაო კი ამბობენ, მაგრამ ამ დუმილით მოჭრილი ოქრო ჯერჯერობით ქართულ ოცნებას უდევს ჯიბეში."