„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტი რა განცხადებებს აკეთებს, რას გეგმავს და რას არ გეგმავს, ვფიქრობ, რომ არც ჩემთვის, არც საზოგადოებისთვის და არც მისი უკვე ყოფილი ამომრჩევლისთვის არანაირად საინტერესო არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
„ზურაბიშვილი არის იმ პარტიის პრეზიდენტი, სადაც ვერ გაურკვევიათ, ვინ არის თავმჯდომარე, ვინ არის აქტივისტი, ვინ სად არის და რას წარმოადგენს. შესაბამისად, მშვიდობაში მოახმაროს „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობა სალომე ზურაბიშვილს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა: „ხვალ იქნება ევროკომისიის დასკვნა, რომელიც არ არის ჯერ გადაწყვეტილება, მაგრამ ეს დასკვნა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ ვგეგმავდით ხვალ, 8 ნოემბერს, 20:00 საათზე დიდ ღონისძიებას და დიდ კონცერტს. შევიკრიბებოდით არა ზეიმისთვის, რადგან ზეიმი იქნება მაშინ, თუ მივიღეთ ჩვენ პასუხი დეკემბერში, არამედ იმისთვის, რომ დაგვეწყო ხელმოწერების დიდი კამპანია, რომელშიც ყველანი ვიქნებით ჩართული“.