ნუ ახალისებთ ძალადობას! ნუ ეთამაშებით ჩვენი ქვეყნის ბედს! ძალიან მძიმედ დაგიმთავრდებათ! ნუ იქნებით არშემდგარი კიტოვანები! - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო.

მისივე თქმით, დღეს ძალადობაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც ძალადობას წლების განმავლობაში ახალისებდნენ და ნებისმიერ გადაცდომაზე და პროვოკაციაზე შესაბამისი რეაგირება იქნება.

"რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალიან სამწუხაროა ნებისმიერი დაზიანებული ადამიანის ხილვა, ამაში ორი აზრი არ შეიძლება იყოს, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ დღეს ძალადობას აპროტესტებენ და ძალადობაზე საუბრობენ ის ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ახალისებდნენ ძალადობას. ეს არის სიმართლე. ისიც აღსანიშნავია, რომ დღეების განმავლობაში სამართალდამცველების მიმართ ის უშვერი სიტყვები, შეურაცხყოფა რაც ხდებოდა, ქვეყნის და ბოთლების სროლა, ეს იყო პირდაპირი პროვოკაცია, რომლის პასუხისმგებლობასაც ორგანიზატორები ვერ და არ უნდა გაექცნენ. ჩემი ინფორმაციით 11 ადამიანი დაშავდა გუშინ. აქედან არის 6 სამართალდამცველი. ნებისმიერ გადაცდომაზეც იქნება რეაგირება და ნებისმიერ პროვოკაციაზეც იქნება შესაბამისი რეაგირება. თქვენ ნუ ახალისებთ ძალაობას! ნუ ეთამაშებით ჩვენი ქვეყნის ბედს! ძალიან მძიმედ დაგიმთავრდებათ! არ გაპატიებთ ჩვენი საზოგადოება ამ ქვეყნის ბედზე თამაშს და ნუ ეთამაშებით! ნუ იქნებით არშემდგარი კიტოვანები! როგორც კიტოვანები ვერ შედგებით, მაგრამ არშემდგარი კოლექტიური კიტოვანები ნუ გახდებით. ჩემი რჩევაა ეს, ისტორიაში კიტოვანის სახელით ნუ შეხვალთ,“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.