ნაციონალური მოძრაობა არ ასაჯაროებს იმ ინციდენტის ამსახველ კადრებს, რომელიც მათ ოფისთან მომხდარ ამბავს ეხება.
მათი ეს ქმედება მხოლოდ და მხოლოდ ორ შესაძლებლობას ტოვებს: ან ამ პარტიის წარმომადგენლებმა ჩაიდინეს რაიმე საშინელება, რისი გამოჩენაც არ უნდათ, ან თავადვე დადგეს სპექტაკლი. შედეგი ერთია - ეს ადამიანები დამნაშავეებს ხელს აფარებენ! - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის სოციალურ ქსელში წერს.
"ამას ყველაზე ნათლად ადასტურებს ის გარემოება, რომ გუშინდელი დღიდან მოყოლებული პოლიციას ხელს უშლიან და ამ დრომდე არ გამოუქვეყნებიათ ინცინდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერები, რომელსაც მათ ოფისზე განლაგებული ვიდეოკამერები აუცილებლად დააფიქსირებდა!
მათ შორის, ყველაზე საინტერესოა უწყვეტი ჩანაწერი, რომელიც მათ გააჩნიათ და შეგნებულად მალავენ. განსაკუთრებით საყურადღებოა განვითარებული მოვლენების პირველი ეპიზოდის ამსახველი კადრები, რომელიც ტელეკომპანია იმედის მიერ ექსკლუზიურად გასაჯაროვდა და სადაც ცხადად ჩანს, როგორ ემუქრებიან ნაციონალური მოძრაობის თანამშრომლები ბიტითა და იარაღის სროლით ადამიანებს. როგორ გაგრძელდა ეს ამბავი, მხოლოდ ნაცმოძრაობის ვიდეოკამერებზეა ასახული!
ფაქტია, რომ კონკრეტულად ამ ეპიზოდის ამსახველი კადრები ბევრ რამეს ახდიდა ფარდას, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ამას შეგნებულად მალავს!
აქვე, მოვუწოდებთ მათ ოფისში სტუმრად მისულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, დაინტერესდნენ აღნიშნული გარემოებით და თავად დაუსვან კითხვა ამ პარტიის წევრებს, რატომ უშლიან ხელს გამოძიებას?! სრულ ვიდეომასალას რატომ არ ასაჯაროებენ და არ აწვდიან საგამოძიებო უწყებას?!" - წერს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, ვიდეო და ფოტო მასალა, რომ პარტიის სათავო ოფისს, რომელიც მდებარეობს კახეთის გზატკეცილზე, თავს დაესხა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებმაც დააზიანეს შენობა, ჩაამტვრიეს შუშები.
როგორც "აიპრესს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, 100-მდე შეიარაღებულმა "ტიტუშკამ" დალეწა "ნაციონალური მოძრაობის"ცენტრალური ოფისი - ხის შუბებით დალეწეს ყველაფერი