იუსტიციის მინისტრმა „იმედის“ ეთერში 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რომლითაც რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-მდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ.
„გადაწყვეტილება, რომელიც გამოქვეყნდა დღეს, არის ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება იმ გზაზე, რასაც საქართველოს დეოკუპაცია ჰქვია. მოკლე ექსკურსს გავაკეთებ იმ დავების შესახებ, რომლებიც იყო რუსეთის წინააღმდეგ. პირველი – ეს იყო ე.წ. დეპორტირებულების საქმე, რომელზედაც უკვე არსებობს საბოლოო გადაწყვეტილება. რუსეთს დაეკისრა უკანონოდ დეპორტირებული მოქალაქეების სასარგებლოდ 10 მილიონის გადახდა; შემდგომ – ეს იყო 2008 წლის ომის საქმე, სადაც 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილების თანახმად, დადგინდა ის დარღვევები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა საქართველოს ტერიტორიაზე და ერთხელ და სამუდამოდ დადასტურდა ის ფაქტი, მათ შორის, სამართლებრივად, რომ სწორედ რუსეთის ფედერაციას აქვს ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის გარკვეული ნაწილი. შემდგომ გაგრძელდა ეს საქმე და ჩადენილი დარღვევების შესახებ საფუძვლიანი მტკიცებულებების მოგროვების და ანალიზის შემდგომ, რომელიც საქართველოს მთავრობამ წარუდგინა სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 20 იანვარს, სასამართლომ მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.