რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 24 ივნისს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ხელისუფლება ამბოხებულების ქმედებებს მკაცრად უპასუხებს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გადამწყვეტი ზომები იქნება მიღებული დონის როსტოვში სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი შიდა არეულობა სასიკვდილო საფრთხეა სახელმწიფოებრიობისა და ერისთვის.

"ვინც შეგნებულად დაადგა ღალატის გზას, რომელმაც მოამზადა შეიარაღებული აჯანყება, დაადგა შანტაჟის და ტერორისტული მეთოდების გზას, დაისჯება გარდაუვალი, პასუხს აგებს როგორც კანონის, ასევე ჩვენი ხალხის წინაშე“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, რუსეთში ამ დროისთვის დაძაბულობაა. მოსკოვისა და როსტოვის ქუჩებში, სამხედრო ტექნიკა გამოჩნდა

სიტუაცია მას შემდეგ აირია, რაც დაჯგუფება "ვაგნერის" ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. ის ამბობდა, რომ დაქირავებულთა დიდი რაოდენობა დაიღუპა.

შეგახსენებთ რომ სამხედრო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით, რუსეთის უსაფრთხოების სამსახურმა ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ ჯგუფის დამფუძნებლის სახელით გავრცელებულ არცერთ განცხადებას არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ამ კუთხით უსაფრთხოების სამსახურმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე შეიარაღებული აჯანყების მოწოდების ფაქტზე. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო ქმედებები“, – აღნიშნულია ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

ცნობისთვის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ სამხედრო ჯგუფის ბანაკებზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც არიან დაღუპულები.

პრიგოჟინმა განაცხადა, რომ აპირებს, შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ატარებს ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა“. მისი თქმით, „გაანადგურებს ნებისმიერ თვითმფრინავს და ყველა ბლოკპოსტს, რომელიც გზაზე გადაეღობება“. პრიგოჟინის განცხადებით, მის განკარგულებაში 25 000 მებრძოლი იმყოფება და მოუწოდებს ყველა რუსს, ვისაც მათთან შეერთება სურს, მათ შორის, რეგულარული არმიის სამხედრო მოსამსახურეებს.