ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული ელჩები, ოპოზიციისა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„დღეს არის იმ კამპანიის დასრულება, რომელიც დაიწყო 8 ნოემბერს და მიზნად ისახავდა, საზოგადოება ყოფილიყო ჩართული ამ ბოლო მობილიზაციაში, რომელიც მიგვიყვანდა 15 დეკემბრამდე. მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთხელ ყოფილიყო საქართველოს ხმა ევროპისკენ გაგზავნილი. ეს არ იყო არც პრეზიდენტის ხმა, არც რომელიმე ცალკე ჯგუფის, ასე მოვიფიქრე, რომ მე ვიწყებდი, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად გავაგრძელებდით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ეტაპი გადავიარეთ. ეს დაიწყო მაშინ, როცა ჩვენ შევედით ეუთო-ში და დაიწყო ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვით, რომელიც წარმოთქვა ეუთო-ს საბჭოში. ზურაბ ჟვანიასთან არის დაკავშირებული სწორედ ჩვენი შინაარსიანი ევროპული გზა.
იმედი მაქვს, ორ დღეში კიდევ ერთხელ ისევე ვიზეიმებთ, როგორც ვიზეიმეთ 8 ნოემბერს. ჩვენ ვიცით, 15 დეკემბერს არ მთავრდება არაფერი. 15 დეკემბრის შემდეგ, ჩვენ ვიქნებით ორმაგად ვალდებული, გავაგრძელოთ გზა ყველამ ერთად. ბევრი რამ იქნება ჩვენი გასაკეთებელი. ჩვენ თუ დაგვყვეს და დაგვაპირისპირეს შიგნით, ვერაფერს მივაღწევთ. მე არ მიყვარს მხოლოდ დეპოლარიზაციაზე საუბარი, როცა გვაქვს ჩვენი პრინციპები და ეს არის ის, რომ ერთობა არის ყველაზე ძლიერი. ყველაფერში არ ვიქნებით ერთიანი, დარწმუნებული ვარ, იწყება საარჩევნო წელი და იქნება ძალიან ბევრი პოლიტიკური დავა, ზოგჯერ მწვავე დისკუსიებიც, მაგრამ ერთობა უნდა იყოს ამ გზაზე, რომელიც, იმედი მაქვს, დაიწყება 15 დეკემბერს.
მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, იმ პოლიტიკურ ძალებს, ხელისუფლებაში იყვნენ თუ არა, პოზიციაში თუ ოპოზიციაში, აქ მოსული, თუ არმოსული, ყველამ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს შეტანილი წვლილი შედეგში, რომელიც უნდა დადგეს ამ დღეებში და, რომელიც, შემდეგ უნდა გავაგრძელოთ, ყველას მადლობა. ეს არის მადლობა, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებიდან და რომელსაც ყველანი ვიზიარებთ. არავის არ ეკუთვნის გამარჯვება, თუ არ ეკუთვნის ყველას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა კამპანიის ფარგლებში შეგროვილი ხელმოწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის გადასცა.